მთავარიUnreported Europeუკრაინა ორი ფრონტის ხაზზე

უკრაინა ორი ფრონტის ხაზზე

აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხი ორ ფრონტზე იბრძვის: ერთი შვიდწლიანი კონფლიქტია უკრიანის სამხედრო ძალებსა და სეპარატისტებს შორის, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს, მეორე ფრონტის ხაზი კი კოვიდ-19-ზე გადის.

გასულ აპრილში 150 ათასი რუსი სამხედრო უკრაინასა და ყირიმის საზღვარზე განლაგდა. სამხედრო წვრთნების შემდეგ ისინი უკან გაბრუნდნენ, მაგრამ კონფლიქტის ზონის მოსახლეობა მუდმივ შიშში ცხოვრობს, კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს.

ივან ნაჰორნიუკი, სოფელ ვოდიანოეს მკვიდრი თავს ისე გრძნობს, „როგორც ჩერნობილში – არავის ვჭირდებით“, – ამბობს იგი.

სტანიცა ლუგანსკაში, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს, პანდემიის გავლენა თვალშისაცემია. ამ ქალაქზე გადის ერთადერთი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ე.წ.  კონტაქტის ხაზს კვეთს. ეს ხაზი ორ ფრონტს შორის 500-კილომეტრიანი გამყოფი ზოლია.

 
თავისუფალი მიმოსვლა ამ რეგიონში ჯერ ომმა შეაფერხა, შემდეგ კი კოვიდმა.

[br]არასამთავრობო ორგანიზაციის „დაცვის უფლება“ წარმომადგენელი ოლენა გრეკოვა ამბობს, რომ ადრე  ლუგანსკის სასაზღვრო პუნქტს დღეში 15 ათასი და მეტი კაცი კვეთდა, „ახლა ორივე მიმართულებით 2 ათასი თუ გაივლის.“

სტანიცა ლუგანსკაში პანდემიამდე ხალხი გადადიოდა მეორე მხარეს პენსიის ასაღებად, ოჯახთან შესახვედრად ან რამე პრობლემის მოსაგვარებლად. ზოგი ყოველდღე გადადიოდა, რომ საკუთარი ნაწარმი გაეყიდა.

დღეს ეს ბიზნესი გაცამტვერებულია. ორივე მხარეს ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდა და გაირიყა. გადსასვლელზე მიმავალმა ერთმა ქალბატონმა „ევრონიუსს“  საკუთარი გასაჭირი შესჩივლა: „ყველას არ აქვს ფული, რომ კოვიდის ტესტი გაიკეთოს. ამიტომ ხალხი აღარ გადადის, თუ აუცლებელი არ არის. ჩვენ ოდესიდან ჩამოვედით ნათესავების სანახავად. ადრე წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდით, ბოლო წელიწად-ნახევარში კი ეს ჩვენი პირველი სტუმრობაა.“

სოფელ პერედილსკესკეში, კონტაქტის ხაზიდან 5 კილომეტრის დაშორებით, „კოვიდის ფრონტის ხაზი“  გადის.

ამ სამედიცინო ცენტრის მსგავს პუნქტებში აღმოსავლეთი უკრაინის ყველაზე  საშიშ ზონაში მცხოვრებ პაციენტებს პირველად სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ. ეს ჯანდაცვის მუშაკი ამბობს, რომ მას ათი კაცის საქმის კეთება უწევს.

ოქსანა ლისოგორი, პერედილსკეს სამედიცინო ცენტრის უფროსი ექთანი:

“მე ამ სოფლის 1200 მოსახლეზე  ვარ პასუხისმგებელი. აქ ისედაც მედპერსონალის ნაკლებობაა და  პანდემიის დროს ეს კიდევ უფრო მწვავედ ვიგრძენით. ექიმებს სოფელში წასვლის ეშინიათ.“

პანდემიის მესამე ტალღასთან ბრძოლა აქ ძალაინ სარისკო საქმეა. სამედიცინო ცენტრებში კოვიდის ტესტები არ არის, მედპერსონალის უმეტესობა უკვე დაინფიცირდა.

ოქსანა ლისოგორი, პერედილსკეს სამედიცინო ცენტრის უფროსი ექთანი:

„კოვიდისა და დღევანდელი მდგომარეობის გამო ხალხი პანიკაშია. წითელ ზონაში უამრავი ადამიანი ინფიცირდება. ხალხს ექიმთანაც კი არ უნდა წასვლა, მათ ბაზარში წასვლისაც ეშინიათ.“

„არ დავდივარ ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ხალხია“, – ამბობს აქაური მოხუცი ქალი. „ გარეთ მხოლოდ პურის საყიდლად გავდივარ და მორჩა. ასე ასაკის გამო ვიქცევი, მე 80 წლის ვარ, ჩემი ქმარი კი 85-ის. ორივეს გვეშინია.“

უკრაინის ისედაც დასუსტებულ ჯანდაცვის სისტემას პანდემიასთან გასამკლავებლად ახლა 40 პროცენტით მეტი მუშახელი სჭირდება, ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია Médicos del Mundo-ს შეფასება. ამ ორგანიზაციაში, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს, ამბობენ, რომ მათ ყველაზე აუცილებელი კადრებიც კი აკლიათ, როგორებიცაა ოჯახის ექიმი, ინფექციონისტი და ანესთეზიოლოგი.

MEDICOS DEL MUNDO-ს წარმომადგენელი სერგეი ვინოგრადოვი თვლის, რომ “ამ კონფლიქტის შედეგად, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემას ინფექციური დაავადების გადაუდებელი დახმარების პუნქტი აკლია.  ახლახან შექმნილი სამედიცინო პუნქტები ვერ პასუხობს ჯანდაცვისა და სანიტარიის სტანდარტებს.“

მძიმე მდგომარეობაა კონტაქტის ხაზიდან მოშორებით მდებარე კოვიდზე სპეციალიზებულ ინფექციურ საავადმყოფოებშიც. კონსტანტინოვკის ინფექციურმა საავადმყოფომ თავისი რესურსი გააფართოვა, მაგრამ საწოლები და მედპერსონალი მაინც არ არის საკმარისი.

ნადია შევჩენკო, კონსტანტინოვკის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი:

„ახლა 90-100 პაციენტს ვმკურნალობთ და მათი უმეტესობა მძიმეა. მე ვთხოვ მედპერსონალს, რომ დამატებითი საათები იმუშაონ და, რასაკვირველია, ამას ვუნაზღაურებთ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ხალხი ნამდვილად გადაიღალა.“

ჟანგბადის მარაგი კიდევ ერთი დიდი პრობლემაა დონეცკის რეგიონის საავადმყოფოებში. ნადია შევჩენკო ამბობს, რომ  დღეში 70-80 ჟანგბადის ბალიშია საჭირო, მაგრამ მხოლოდ 45-50-ია ხელმისწავდომი.

კონფლიქტით დაზარალებულ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურობისაგან ჯერ შორსაა.

კონსტანტინოვკის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი თვლის, რომ  „ინფიცირებულთა მაჩვენებელმა, მართალია, ოდნავ დაიკლო, მაგრამ სამაგიეროდ რთული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილება გადავსებულია და ეპიდემია არ შეჩერებულა. ხალხი ძირითადად შინ მკურნალობს.“

იზოლაციისა და სიშორის წყალობით, ზოგიერთ ადგილას ვირუსი შეჩერდა. მაგრამ კონფლიქტის გამო მდგომარეობა გართულდა და კოვიდჯგუფების გაჩენის რისკიც გაიზარდა.

სოფელ ჩვენ ოპიტნეში, კონტაქტის ხაზიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, კონფლიქტის ჭრილობები  ყველგან იგრძნობა. წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება თითქმის 7 წელია, შეწყვეტილია.

სოფელი ოპიტნე კოვიდისგან თავისუფალია. აქ არმიის ნებართვის გარეშე ვერავინ შედის და გამოდის. მოსახლეობას წყლით ორ კვირაში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხი გასაჭირში“ ამარაგებს, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. წყლისა და ჰიგიენის  გარეშე სოფლის 40-სულიან მოსახლეობას კორონავირუსთან გამკლავება ძალიან გაუჭირდებოდა.

ოპიტნეს მკვიდრი ოლენა ლებედიევა შიშობს, რომ თუ სოფელში, სადაც მოსახლეობა ძირითადად პენსიონერებისაგნ შედგება,  კოვიდი შევა, იგი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგება. „ჩვენ სამედიცინო მომსახურება არ გვაქვს. ექიმები აქ არ მოდიან“, – ამბობს იგი.

იზოლაციამ კონფლიქტით დაზარალებული მრავალი სოფელი ვერ დაიცვა. ივანი ვოდიანოეს მოსახლეობის იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც კოვიდი შეხვდა. თებერვალში იგი სპეციალიზებულ საავადმყოფოში გადაიყვანეს  და ახლა გამოჯანმრთელების გზაზეა.

მას გაუმართლა.

ივან ნაგორნიუკი, ვოდიანოეს მკვიდრი:

„კოვიდი მეორე ომივითაა, ისიც საშიშია. თითქოს არაფერი ხდება და უცებ ვიღაც კვდება. ამ წუთას აქ ხარ და მეორე წუთს აღარ ხარ.“

ივანი და მისი ცოლი ფიქრობენ, რომ ვაქცინაცია მათ სოფელს გადაარჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის კამპანია უკრაინაში ნელა მიმდინარეობს.

„კოვაქსის“ პლატფორმა უკრაინის ვაქცინაზე მოთხოვნის 20 პროცენტს, 8 მილიონ დოზას,  წლის ბოლომდე დააკმაყოფილებს. ამ გლობალური ინიციატივის წყალობით, რომლის მიზანია ვაქცინა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, მალე მდგომარეობა შემსუბუქდება. ვაქცინა ის იარაღია, რომელიც უკრაინაში ერთ ომს მაინც დაასრულებს.

ავტორი: მონიკა პინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend