მთავარისაქართველოომამდელი აფხაზეთი - რას გვიამბობენ ფოტოები

ომამდელი აფხაზეთი – რას გვიამბობენ ფოტოები

გამოფენილი ფოტოები ომამდელ აფხაზეთზე გვიამბოს. აქ სოხუმის, გაგრის, ბიჭვინთისა და სხვა ქალაქების ცხოვრების, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებია აღბეჭდილი.

დღეს, 20 მაისს, ფოტოგამოფენაზე მისულმა დამთვალიერებლებმა, როგორც თავად თქვეს, თავიანთი წილი აფხაზეთი გაიხსენეს.

„თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი. ზოგი ისეთი კადრი იყო, საერთოდ არ მქონდა ნანახი. ერთს გამოვყოფ – ეს არის პორტის კადრი, სადაც გემი დგას და სწორედ ის გემი, რომლითაც ბოლოს ვიმოგზაურე აფხაზეთიდან. კრუიზში გავემგზავრეთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოდგა ეს დღე ახალგაზრდებისთვის, რადგან მათაც მიეცათ საშუალება ეს ფოტოები დაეთვალიერებინათ“, – თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა, ლიკა კვარაცხელიამ.

„შეგიძლიათ გაეცნოთ და დაათვალიეროთ ის კონკრეტული ადგილები, ის ხელოვნების ნიმუშები, რაც ჯერჯერობით ჩვენთვის მოუფერებელია. ეს კუთხე არის რეალურად სამოთხე დედამიწაზე და ჩვენ აუცილებლად უნდა ავაყვავოთ“, – აღნიშნა სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბაჩანა ჭანტურიამ.

[br]ფოტოგამოფენით – „კადრები აფხაზეთიდან“ –  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დღეს, 20 მაისს მზიურის ამფითეატრში „აფხაზეთობა“ გახსნა. გამოფენის პარალელურად კონცერტიც გაიმართა.

„აქ არის 55 ფოტო, უნიკალური ფოტოებია იმ ადგილებიდან, რომელიც არის ჩვენი ბავშვობა, ჩვენი ცხოვრება. მიზანი ამ ფოტოგამოფენის არის ის, რომ ყველას გაგვახსენოს და, რაც მთავარია, ახალი თაობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენმა პატარა შვილებმა არ იციან, არ არიან ნამყოფები“, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ეკა ხოფერიამ.

„ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ ღონისძიებაში. ეს ფოტომასალა არის ნოსტალგიის და დადებითი ემოციის მაპროვოცირებელი“, – აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ.

ასეთი იყო აფხაზეთი 30 წლის წინ, სანამ შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყებოდა. როგორ გამოიყურება სოხუმის, გაგრის, ბიჭვინთისა და სხვა ქალაქების პეიზაჟები დღეს, ჩვენთვის უცნობია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend