საქართველის ევროპული გზა
30 წლის წინ, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, საქართველომ განაახლა ისტორიული სწრაფვა ევროპული ოჯახისკენ. პასუხად ევროკავშირმა 2004 წლიდან, საქართველოს ღია კარის ურყევი პოლიტიკა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდა ჯერ 2004 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში, 2009 წელს კი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაში გაწევრიანებით.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა – 2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებას, რომელიც თავისუფალ ვაჭრობასაც გულსიხმობს; 2017 წელს კი ამოქმედდა სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალქეებს ხანმოკლე ვადით ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობისა და დარჩენის ნებას აძლევს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა გაცილებით მტკიცეა ვიდრე ოდესმე ყოფილა. როდესაც 1991 წელს საქართველო საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა, ასეთ მიღწევაზე ვერავინ იოცნებებდა.
თუმცა 2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკურ ჩიხში შევიდა. ფარული პოლარიზაციის შედეგად, მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატთა ძალისხმევის მიუხედავად, დაძაბულობა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის სტაბილურობას საფრთხე ჯერ კიდევ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის შემოდგომაზე განახლებულმა კონფლიქტმა შეუქმნა, საქართველოში დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას მეტი მნიშვნელობა მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის სრული მხარდაჭერით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, საქართველოს ევროკავშირის შუამდგომლობა შესთავაზა პოლიტკურ დიალოგში. ეს დიალოგი პირველ მარტს მისი საქართველოში ვიზიტის დროს განახლდა.
ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი დიდი კმაყოფილება იმის გამო, რომ ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა. ამ შეთანხმებამ დაასრულა ის კრიზისი, რომელსაც შეეძლო წაეშალა ბოლო ათი წლის ყველა დემოკრატიული მიღწევა და შეენელებინა საქართველოს სვლა ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
დიალოგის, ლიდერობისა და კომპრომისის გზით, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ქვეყნის სასიკეთოდ განზე გადადეს აზრთა სხვადასხვაობა. მათ გამოიჩინეს ჭეშმარიტად ევროპული სულისკვეთება, რითაც აღადგინეს საქართველოს, როგორც დემოკრატიის შუქურის სახელი რეგიონში.
პოლიტიკური კრიზისი დასრულდა და კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას და თითოეულს, რომ უერთგულონ ნაკისრ ვალდებულებებს.
ეს შეთანხმება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ევროკავშირის გამარჯვებაა.
საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გამარჯვება
ეს შეთანხმება, ევროკავშირის მხარდაჭერით გააღრმავებს ქვეყნის ინსტიტუციების რეფორმებს. საარჩევნო პროცესი მიაღწევს უმაღლეს სტანდარტს და სასამართლო სისტემის რეფორმა დაასრულებს სამართლის ნებისიმერი ფორმით პოლიტიზირებას. ძალაუფლების განაწილების პროცესის წყალობით, საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი ყველაზე პლურალური პარლამენტი იქნება. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას, ხოლო რეფორმა იქნება უფრო ინკლუზიური და მდგრადი.
ქართველი ხალხის გამარჯვება
აქცენტი პარტიული შუღლიდან გადაინაცვლებს ისეთი მწვავე საკითხების მოგვარებისკენ, როგორებიცაა: პანდემია და მისი როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური შედეგები; სტაბილურობის განმტკიცება და მომავალში ინვესტირება. ქართველები დარწმუნდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო. დღემდე ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი დონორია, რომელიც აფინანსებს 200-ზე მეტ მიმდინარე პროექტს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 500 მილიონი ევროა. ევროპის საინვესტიციო ბანკმა 1.85 მილიარდი ევრო ჩადო განვითარებაში, საფლის მეურნეობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში. ეს სია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. ევროპიდან კიდევ უფრო მეტი და საგრძნობი დახმარება იქნება.
შეთანხმება სახელწოდებით „საქართველოს სამომავლო გზა“ ევროკავშირთან უფრო ახლო თანამშრომლობის საწინდარია, რომელიც გულისხმობს: ფინანსურ დახმარებას პოსტ-კოვიდურ პერიოდში პანდემიით მიყენებული ზარალის შესარბილებლად, ევროკავშირის პროგრამებში მეტ ჩართულობას, განახლებულ მიდგომებს როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ევროპასთან დაკავშირებას, რაც მომავალში კიდევ მეტ სარგებელს მოიტანს.
ევროკავშირის გამარჯვება
ევროკავშირს საიმედო და სტაბილური პრო-ევროპული დასაყრდენი ეყოლება რეგიონში, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის ფასეულობების, უსაფრთხოებისა და ჩართულობისთვის. იმ დროს, როცა რეგიონში სურათი იცვლება, საქართველოს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია.
ევროკავშირსა და საქართველოს საერთო ინტერესების გათვალისწინებით, მხარეებმა უნდა გააღრმავონ ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესი და გააძლიერონ თანამშრომლობა. ორმხრივი დღის წესრიგის გარდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებულ, უფრო ღრმა ფორმატში, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობის სფეროების გაფართოებას, ევროკავშირის მეტ მხარდაჭერას და მეტ კავშირს ჩვენს ხალხებს შორის.
ამის პარალელურად, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებულ პარტნიორებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების დასტურად, გამოვდივართ ინციატივით, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში შედგეს ლიდერების შეხვედრა უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტებთან.
რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბულობის ზრდის ფონზე, არ არსებობს ევროპისა და საქართველოს ურთიერთობაზე უკეთესი მაგალითი. ერთი მხრივ, ევროპის მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა პატარა, მაგრამ ენერგიული დემოკრატიის მიმართ, რათა აღმოიფხვრას დესტაბილიზაციის ნებისმიერი ფორმა და მეორე მხრივ, საქართველოს მტკიცე ნება, არ გადაუხვიოს მის მიერ არჩეული, ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან.