მთავარისაქართველოსაქართველოში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა

საქართველოში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა

მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე, საქართველოში კოვიდპანდემიიის გათვალისწინებით დაწესებული რამდენიმე შეზღუდვის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს.

ყველაზე მეტად მოსახლეობის სურვილს, გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვის მოხსნა, ან რამდენიმე საათით გადაწევა წარმოადგენდა. ე.წ. „კომენდანტის საათი“ 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება.

შესაბამისად, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები 23:00-დან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს.

ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.

„ეპიდემიოლოგიური ტენდენციის დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 სთ-მდე პერიოდში. მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც პირებს თუ ორგანიზაციებს ჰქონდათ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ანუ თავიდან მათ არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

შეზღუდვა იხსნება სასტუმროებში მოქმედი რესტორნებისთვის, რომელთა ფუნქციონირება დღემდე, 21 საათიდან აკრძალული იყო. ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას, წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან კაფე-ბარების და რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება. ამასთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან უფრო მეტად შევძლებთ შემსუბუქებას და საერთოდ მოვხსნით ამ შეზღუდვას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

სააკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება ჩინურ ვაქცინა „სინოვაკზე“ რეგისტრაცია და უკვე მომდევნო კვირიდან აღნიშნული ვაქცინით აცრის შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ მოქალაქეებს.

სინოვაკი“ ქვეყანამ მიიღო 100 ათასი დოზის ოდენობით.

ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ გამოყენებას მანამდე, სანამ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან ამ ეტაპზე უკვე არსებობს ჯანმო-ს ექსპერტების სტრატეგიული ჯგუფის წინასწარი დადებითი დასკვნა. შუალედური დასკვნის შედეგები „სინოვაკისთვის“ არის ძალიან კარგი და ასევე, ისიც ცნობილია, რომ ევროპის მარეგულირებელმაც დაიწყო „სინოვაკის“ შესწავლა იმისთვის, რომ განიხილოს მისი აკრედიტაციისა და აღიარების საკითხი ევროპაში. ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე დაიწყება რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და უკვე მომდევნო კვირიდან „სინოვაკის“ მიღების შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ მოქალაქეებს. 20-ზე მეტ ქვეყანაშია „სინოვაკი“ ავტორიზებული და 10 მილიონი ადამიანია აცრილი „სინოვაკით“, მათ შორის, აზერბაიჯანსა და თურქეთში“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარგაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კი თქვა, რომ სრულად ვაქცინირებულთათვის შეღავათების დაწესება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის „კრიტიკული მასა“ აიცრება.

„დღეს ორჯერ მხოლოდ 14 ათასი ადამიანია აცრილი. რაღაც კრიტიკული მასა უნდა დაგროვდეს, როდესაც შეღავათებზე ვისაუბრებთ. მოგეხსენებათ, ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შეღავათების დაწესება მაშინ დაიწყო, როდესაც სამიზნე მაჩვენებლის 20-30 პროცენტამდე იყო აცრილი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

17 მაისის მთავრობის სხდომაზე კი ფინანსური შეღავათების შესახებ იმსჯელეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ბიზნეს სუბიექტს, ვისაც სახელმწიფოს მიმართ დავალიანება აქვს, მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე შესაძლებლობა აქვთ მიმართონ შემოსავლების სამსახურს და დავალიანების ძირი თანხის გადახდის შემთხვევაში, დარიცხული ჯარიმები და საურავები გაუუქმდებათ.

„გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება დღემდე წარმოშობილი, ეს იქნება აღიარებული საგადასახადო დავალიანებად, თუ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები.

ამისთვის გადასახადის გადამხდელმა, მიმდინარე წელის პირველ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. ასევე, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს აღნიშნული პირობების შესრულება. გადასახადის გადამხდელს, რომელთაც მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, არსებითად შედგება, მხოლოდ შედგება ჯარიმა/საურავებისგან. მათ შესაძლებლობა ექნება ანალოგიური პირობით განახორციელონ საგადასახადო დავალიანებაზე, შეთანხმებაზე გაფორმება. დავალიანების 30% გადახდის შემთხვევაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

შეზღუდვების შემსუბუქება ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც. მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები თბილისში 23:00-მდე იმუშავებს. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა, პირველი ივნისიდან შემდგომი შემსუბუქებებიც ამოქმედდეს.

 

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend