მთავარისაქართველოპოლიტიკური პარტიები ჰომოფობიის წინააღმდეგ

პოლიტიკური პარტიები ჰომოფობიის წინააღმდეგ

საშუალოზე ოდნავ დიდ თაბახის ფურცელზე ზუსტად 15 ხელმოწერაა. მათ ერთი მიზანი აერთიანებთ – ლგბტქ ადამიანებმა საქართველოში თავი სრულუფლებიან წევრებად უნდა იგრძნონ.

„მიღწეულ იქნა ისტორიული მნიშვნელობის მქონე პოლიტიკური შეთანხმება. ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ისინი ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებენ იმისათვის, რომ ლგბტქ თემის უფლებები იყოს დაცული ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა ანა სუბელიანმა, სამოქალაქო აქტივისტმა.

„ხელმომწერი პარტიები  გააკეთებენ ყველაფერს თანასწორობის მისაღწევად, მხარს დაუჭერენ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და სიძულვილის ენას არ გამოიყენებენ თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობაში“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა, „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელმა.

წელს საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნამ ქუჩაში მშვიდობიანი აქციის გამართვის ნაცვლად პოლიტიკაში გადაინაცვლა.

 
2021 წლის 17 მაისისთვის მზადება ბევრად ადრე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო. სამოქალაქო მოძრაობა “თბილისი პრაიდმა”, რომელიც ქვიარ ადამიანების უფლებების დასაცავად იბრძვის, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ქვიარ ადამიანების უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად დაიწყო. შეთანხმება შედგა და მას 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი. მათ შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არ არის.

[br]„საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ნორმა არ უნდა იყოს მხოლოდ ნორმა. თითოეული ადამიანი უნდა ზრუნავდეს იმისთვის, რომ საზოგადოების ნებისმიერი წევრი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს“, – განაცხადა  ხატია დეკანოიძემ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა.

„სირცხვილია, რომ ადამიანები 21-ე საუკუნეში იხვეწებიან, რომ  სამსახური ჰქონდეთ, ისინი ასევე ითხოვენ, რომ ქუჩაში ვინმე არ დაესხას თავს“, -განაცხადა  თაკო ჩარკვიანმა, პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა.

ზოგადად პოლიტიკური სპექტრისთვის მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი სახის ძალადობა, დისკრიმინაცია, იქნება ეს სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ნიშნის მიხედვით“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ, “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრმა.

„ყველაზე რთულად დასაძლევი ეპატი აღმოჩნდა ადამიანის აღიარება და განსხვავებულის აღიარება. ყველა დიდი კონფლიქტი სწორედ ყოფიდან იწყება,  ყოფითი კი – არაღიარებიდან“, – მიიჩნევს თამარ კორძაია, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი.

2021 წლის 17 მაისს ჩუმად გამართულ ღონისძიებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდნენ.

„ის, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს გააკეთეს, მაგალითია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და მსოფლიოსთვის. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ ყველა ადამიანს პატივისცემით უნდა ვეპყრობოდეთ.  დღევანდელი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართველები ადამიანის უფლებებს ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგაც იცავენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებას ვესწრები. ჩემთვის ეს ღონისძიება ადამიანის უფლებების დაცვასთან არის დაკავშირებული. აქ ჩვენ ვისაუბრეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც, მოსახლეობის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრად უფრო მეტ პრობლემას აწყდებიან“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების ჩატარების ადგილი არ გასაჯაროებულა, ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა მაინც მიაგნეს მათ და ხუთკაციანი საპროტესტო აქცია გამართეს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend