მთავარისაქართველოლგბტქ თემის მხარდასაჭერად შექმნილი ნახატები თბილისის ქუჩებში

ლგბტქ თემის მხარდასაჭერად შექმნილი ნახატები თბილისის ქუჩებში

დღეს 17 მაისია –  ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.

ამ დღის მიზანი  ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

ეს მრავალი გზით არის შესაძლებელი. მათ შორისაა ხელოვნება.

ლგბტქ საზოგადოების რა პრობლემებს აღწერს თბილისური  „სტრიტ არტი“? რას უყვება იგი მნახველს?

მხატვარ დავით კელბერაშვილმა საკუთარ ნამუშევართან მიგვიყვანა. მისი ნამუშევრებიდან მხოლოდ ის ნახატი შემორჩა,  რომელიც თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, მიტოვებული შენობის კედელზეა გამოსახული.

 

„ეს პირველი ნახატი არ არის, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით დავხატე. სამწუხაროდ, პირველი რამდენიმე ნამუშევარი გადაღებეს, სტიკერებიც გავაკარი ქალაქში და მეორე-მესამე დღეს ისინიც ჩამოხეული იყო“, – ამბობს მხატვარი

დავითი ამბობს, რომ მისი ეს ნამუშევარი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ მას ვერ მიაგნეს. ნახატი ავტოპორტრეტია და თავად მხატვრისთვის ბევრს ნიშნავს. ფერები ლგბტქ თემის დროშის იდენტური არ არის, თუმცა ისიც ფერადია და, ავტორის თქმით, თემის წარმომადგენელთა მრავალფეროვან შინაგან სამყაროს აჩვენებს.

„გამოხატვის ეს ფორმა ხელოვნების საშუალებით საუკეთესო გზაა, ადამიანის ცნობიერებამდე მიიტანო შენი სათქმელი, შენი ტკივილი. ჩემი ნამუშევრები კი ძალიან პოზიტიურია, არ აქვს აგრესიული ფორმა. ვცდილობ, დადებითად ვილაპარაკო ამ თემასა თუ პრობლემასთან დაკავშირებით და ამით ჩემი თანადგომა გამოვხატო თემის წევრების მიმართ“, – ამბობს დავით კელბერაშვილი.

თბილისის ქუჩებში ლგბტქ თემატიკაზე შექმნილი არაერთი ნამუშევარი არსებობს.

ზოგი ნახატით თემის წარმომადგენლების მხარდაჭერა იკვეთება, ზოგიც პროტესტის ერთგვარი ფორმაა, ზოგიერთი ნახატის სათქმელი კი ის არის, რომ სიყვარული სიყვარულია…

ლგბტქ აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ამ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა.

„ხელოვნებას ძალიან ბევრი რამ შეუცვლია. რა თქმა უნდა, სხვა აქტივობაც საჭიროა, მაგრამ ხელოვნება შეიძლება სწორედ ის ფორმა იყოს, რომელიც შეძლებს საზოგადოებას კარგად და სწორად დაანახოს „ქვიარ ქომუნითის“ აზრები და ფიქრები. შეიძლება ითქვას, რომ „ქვიარარტი“ დარჩა ხელოვნების იმ  ფორმაში, რომელიც პროტესტს გამოხატავს“, – ამბობს ლგბტქ+ აქტივისტი დავით აფაქიძე.

მხატვარმა დავით კელბერაშვილმა კედელზე საკუთარი ხელით დახატული სტიკერი გააკრა.

სტიკერზე” შეყვარებული ცისარტყელას დროშასთან ერთად წყვილია გამოსახული. მხატვარს იმედი აქვს, რომ ეს ნამუშევარი მაინც დარჩება ხელუხლებელი და ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს გაამხნევებს.

ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend