მთავარი გადაცემები ანგოლა ანგოლის სახელგანთქმული პარაოლიმპიელი

ანგოლის სახელგანთქმული პარაოლიმპიელი

ჟოზე საიოვო თითოეული ანგოლელის სიამაყე და საერთაშორისოდ აღიარებულ სპორტსმენია. ჟოზე პარაოლიმპიადის პირველი ანგოლელი ჩემპიონია. ჟოზემ 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე სამი ოქრო აიღო. იგი ყოფილი ჯარისკაცია და  მხედველობა 1998 წელს დაკარგა, როდესაც მისი სამხედრო ბადრაგი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. თუმცა ყველას გასაკვირად, იგი არ დანებდა.

ჟოზე საიოვო, პარაოლიმპიელი ჩემპიონი ანგოლიდან:

„ძალიან გამიჭირდა, როდესაც მხედველობა დავკარგე. ვისაც ასე ემართება, როგორც წესი, თავს გარიყულად გრძნობს, მარტო ვეღარაფერს აკეთებს, ვერც დადის.“

მაგრამ სპორტის მოყვარულმა 26 წლის ახალგაზრდამ ცხოვრების გასაგრძელებლად ახალი გზა იპოვა. შემდეგ მას პარაოლიმპიადაში მონაწილეობაც შესთავაზეს. თვაიდან არ დათანხმდა, რადგან იფიქრა,  რომ  „შეზღუდული უნარის მქონე ადამიანი სპორტულ ვარჯიშს ვერ შეძლებდა“. მალე მიხვდა, რომ შეუძლებელი არაფერი იყო.  2004 წელს ათენის პარაოლიმპიადაზე მოხსნა მსოფლიო რეკორდები და სამი ოქროს მედალი მოიპოვა  100, 200 და 400 მეტრზე გარბენაში… შემდეგ იყო მედლები პეკინის 2008 წლისა და ლონდონის 2012 წლის თამაშებზე.

 
ჟოზე საიოვო, პარაოლიმპიელი ჩემპიონი ანგოლიდან:


“პირველი მარათონი….თავს ვგრძნობდი ძალიან…არ ვიცი, როგორ აგიწეროთ, სიტყვებს ვერ ვპოულობ…მაგრამ ვფიქრობდი, რომ რადგან იქ ვიყავი, ეს იმიტომ, რომ უკვე საუკეთესო ვიყავი მსოფლიოში. ამიტომ უნდა მერწმუნა საკუთარი თავის და ანგოლელების მხარდაჭერისა, მათი, ვინც გვერდით მედგა, ზოგი შორიდან და ზოგიც სტადიონზე იყო.“

საიოვო ეროვნულ გმირად და მსოფლიოში მისაბაძ მაგალითად იქცა. ეს არის კაცი, რომელმაც უამრავ ანგოლელს გაუჩინა  სიცოცხლის განახლების სურვილი მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ.

ჟოზე საიოვო, პარაოლიმპიელი ჩემპიონი ანგოლიდან:

“დღემდე მახსოვს არა მხოლოდ გამარჯვებები, არამედ როგორ დამხვდნენ, როდესაც  ჩემს ქვეყანაში, ანგოლაში, დავბრუნდი. ანგოლელმა ხალხმა განსაკუთრებული შეხვედრა მომიწყო. ამას ვერასოდეს დავივიწყებ.“

ბრაზილიელი პარაოლიმპიელის ლუკას პრადოსთვის საიოვო მხოლოდ მეტოქე კი არ იყო, არამედ შთაგონების წყაროც. ისინი ერთმანეთს ლონდონის 2012 წლის თამაშებზე შეხვდნენ. საიოვომ ოქროს მედალი მოიპოვა, პრადომ – ვერცხლისა.

ლუკას პრადო, ბრაზილიელი პარაოლიმპიელი ჩემპიონი:

„იგი გამორჩეული ადამიანია, პარაოლიმპიური მოძრაობის პიონერი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ბრმებსაც შეუძლიათ ოცნებების ახდენა, თუ სურთ. საიოვო, გჯეროდეს, რომ ჩემს ხსოვნაში არასოდეს გაქრები….ეს შენ შთამაგონე, შენ მაქციე იმ კაცად, როგორიც დღეს ვარ.”

2012 წელს ლუანდაში საიოვო 100-მეტრიან გარბენაში ერთ-ერთ ოლიმპიურ ლეგენდას,  მაიკლ ჯონსონს შეეჯიბრა. მაიკლმა თვალი აიხვია და საიოვომ აჯობა.

მაიკლ ჯონსონი, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი:

“ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ პარაოლიმპიელ სპორტსმენებს, მაგალითად, ისეთს, როგორიც საიოვოა, რომელიც ვერ ხედავს, მაგრამ, ჩემი აზრით, რასაც ის გრძნობს, ეს სრულიად განსხვავებული რამ არის.“

სახელგანთქმული ოლიმპიური ჩემპიონი კარლ ლუისი ახლა ამერიკაში ჰიუსტონის უნივერსიტეტშია მწვრთნელად. საიოვოს მიღწევებს ისიც დიდ პატივს სცემს.

კარლ ლუისი, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი:

“არიან ადამიანები, რომლებმაც, მართალია, მხედველობა დაკარგეს, მაგრამ ისე შორს იხედებიან სამყაროში, რომ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. ეს კაცი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს მისაბაძი მაგალითი და ეროვნული გმირი, რადგან შეძლო იმაზე შორს გაეხედა, ვიდრე ვინმე სხვას მის გარშემო.“

 

ჟოზე საიოვო, პარაოლიმპიელი ჩემპიონი ანგოლიდან:

“მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან სამ ოლიმპიადაზე [პარაოლიმპიადაზე] მივიღე მონაწილეობა და რვა მედალი ავიღე – ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ოცნება ახდა.“

უახლესი

სხვა ამბები

პარაოლიმპიელიპარაოლიმპიელი

Send this to a friend