მთავარისპორტილევან მაისაშვილი: "ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში დიდი გამოცდილება და გამოცდაა"

ლევან მაისაშვილი: “ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში დიდი გამოცდილება და გამოცდაა”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტესტ-მატჩებში მსოფლიოს ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.

ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში შეხვედრებს 3 და 10 ივლისს გამართავენ.

ამ და სხვა თემებზე “ევრონიუს ჯორჯიას” საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ესაუბრა.

– რას ნიშნავს ეს მატჩები ჩვენი ნაკრებისთვის? სამხრეთ აფრიკას მხოლოდ ერთხელ, 2003 წელს დავუპირისპირდით. ამის შემდეგ მათთან თამაშის საშუალება პირველად გვექნება. რა მნიშვნელობა აქვს ამ მატჩებს ქართული რაგბისთვის და საქართველოს ნაკრებისთვის?

“პირველ რიგში, ეს მეგობრული ჟესტი სამხრეთ აფრიკისგან ჩვენი ძალიან დიდი აღიარებაა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაგბის კავშირებს შორის მემორანდუმიც გავაფორმეთ. ეს მატჩები ჩვენთვის გამოცდილება და გამოცდაა. ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონებს ორჯერ შეხვდებით, ეს ყველაფერზე მეტყველებს”, – ლევან მაისაშვილი.

ევრონიუს ჯორჯია”: სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ კიდევ ერთ გამორჩეულ ნაკრებთან, შოტლანდიასათანც გვექნება დაპირისპირება. რას ფიქრობთ სამხრეთ აფრიკის გუნდის შესახებ? იყვნენ თუ არა ისინი 2019 წლის ფინალში მთავარი ფავორიტები ინგლისის წინააღმდეგ?

“სამხრეთ აფრიკა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ქვეყანაა. მქონდა იქ ცხოვრების ბედნიერება, როდესაც „ნატალ შარკსის“ ფედერაციაში ვმუშაობდი. არაჩვეულებრივი, სარაგბო ქვეყანაა, რომელსაც უძლიერესი გუნდი ჰყავს. 2019 წლის ჩემპიონატზე უდავოდ ფავორიტები იყვნენ. ფინალში შესანიშნავად ითამაშეს, დომინანტები იყვნენ თითეულ ასპექტში. ძალისმიერი და ტექნიკური თამაშის ხარჯზე დამსახურებულად გახდნენ ჩემპიონები. რაც შეეხება ჩვენს თამაშს მათ წინააღმდეგ, მოწინააღმდეგეებთან მატჩამდე, როგორც წესი, განვიხილავთ მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს. პირდაპირ გეტყვით, რომ სამხრეთ აფრიკა თავიდან ბოლომდე ძლიერია”, – ლევან მაისაშვილი

ევრონიუს ჯორჯია”: რთულია სისუსტე იპოვო ამ გუნდის წინააღმდეგ.

“რა თქმა უნდა. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ვიზრდებით ესეთი დონის მოწინააღმდეგეებთან თამაშით. ვეცდებით წინააღმდეგობა, კონკურენცია გავუწიოთ და პატარა სიურპრიზები შევთავაზოთ და მათი ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ. სამწვრთნელო შტაბი ამაზე უკვე მუშაობს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ თამაშზე ღირსეულად წარვდგეთ და ის გამოცდილება მივიღოთ, რომელსაც ესეთი თამაშებიდან ვიღებთ ხოლმე”, – ლევან მაისაშვილი.

ევრონიუს ჯორჯია”: როგორ ფიქრობთ რა არის იმის მთავარი მიზეზი, რომ დიდი პაუზის შემდეგ სამხრეთ აფრიკა პირველ შეხვედრებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს?

“რომ არა პანდემია, წინა ზაფხულს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა. წელს სამხრეთ აფრიკას ლომების ტურნე აქვს და ჩვენთან თამაშებს ისინი ტურნესთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავენ. სამხრეთ აფრიკას პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად შეეშალა ხელი, მათ სანაკრებო თამაშები ვერ გამართეს. ეს მათი შიდა პოლიტიკაც იყო, სრულფასოვნად მზად არ იყვნენ და ამიტომაც არ გამართეს მატჩები, თუმცა მოთამაშეები შიდა ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ, დარწმუნებული ვარ, სამხრეთ აფრიკელი მოთამაშეები ბრწყინვალე ფორმაში იქნებიან”, – ლევან მაისაშვილი.

ევრონიუს ჯორჯია”: სამხრეთ აფრიკასთან მატჩებამდე საქართველოს ნაკრებს წინ რაგბი ევროპის დასკვნითი შეხვედრა. ბელგიის ან ნიდერლანდების წინააღმდეგ ელის. როგორ შემადგენლობას უნდა ველოდოთ ამ მატჩში? იქნება თუ არა მაქსიმალურად მიახლოებული იმ შემადგენლობასთან, რომლითაც სამხრეთ აფრიკას დავუპირისპირდებით?

“ამ მატჩისთვის შეკრებაზე 32 მოთამაშით შევალთ. მზადებას შეხვედრამდე 2 კვირით ადრე დავიწყებთ. მოთამაშეების ნაწილი საფრანგეთიდან მოგვიანებით შემოგვიერთდება. ბელგიის ან ნიდერლანდების წინააღმდეგ თამაში ჩვენი ტურნესთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნება. ვეცდებით იმ შემადგენლობით ვითამაშოთ, რომლითაც სამხრეთ აფრიკას დავუპირისპირდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, პატარა ცვლილებებიც იქნება. ამ ოთხ თამაშს (ბელგია ან ნიდერლანდები, სამხრეთ აფრიკასთან 2 მატჩი, შოტლანდიასთან შეხვედრა) ერთ თემად განვიხილავთ”, – ლევან მაისაშვილი.

ევრონიუს ჯორჯია”:  „ბორჯღალოსნებმა“ შემოდგომის ერთა თასზე მიიღეს მონაწილეობა. პროგრესი შესამჩნევი იყო ჩემპიონატის მიმდინარეობისასაც. როგორ აისახა ამ ტურნირზე მონაწილეობა ჩვენს ნაკრებზე, ვიყავით თუ არა უფრო მომზადებულები რაგბი ევროპისთვის?

“ეს იყო ჩვენთვის ბრწყინვალე შესაძლებლობა. პანდემიის გამო ძალიან დიდი დრო გაგვიცდა, ზაფხულის ტესტ-მატჩები გამოვტოვეთ. წინა რაგბი ევროპის ტურნირის შემდეგ 8-9 თვე მოგვიწია გაჩერება, საქართველოს ჩემპიონატი პარალიზებული იყო, ეს ძალიან მტკივნეული იყო. ასე რომ, შემოდგომის ერთა თასს მოუმზადებლები შევხვდით, თუმცა მისიას თავი კარგად გავართვით. თამაშიდან თამაშამდე ჩვენ შევძელით, რომ ფორმაში შევსულიყავით. ჩვენთვის ეს უზარმაზარი გამოცდილება იყო. კვირიდან კვირამდე თამაშების ანალიზი, მომდევნო მატჩებისთვის მოსამზადებელი დრო გვქონდა. ამას მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ ვახერხებთ, იქ სულ სხვა რეჟიმია. იქ ერთი ან ორი გუნდი მაინც არის ჩვენნაირი, შემოდგომის ერთა თასზე კი სხვა დონის გუნდები თამაშობენ, მათთან თამაში კი ჩვენთვის. დიდი გამოცდილებაა. სამწუხარო ის არის, რომ დიდი პაუზა გვაქვს ამ თამაშებიდან ზაფხულამდე, თუმცა რაც არის ეს არის”, – ლევან მაისაშვილი.

ევრონიუს ჯორჯია”: სამაგიეროდ ძალიან ძლიერ გუნდებს დავუპირისპირდებით ზაფხულში და იმედია ეს დადებითად აისახება საქართველოს ნაკრების თამაშზე. საქართველოს რაგბის კავშირს იოსებ ტყემალაძის თაოსნობით ახალი გუნდი ხელმძღვანელობს. როგორ შეაფასებდით რაგბის კავშირის ახალი გუნდის მუშაობას ამ მოკლე პერიოდში?

“რაგბის კავშირში რომ მიბრძანდეთ ნახავთ, რომ იქ დილიდან საღამომდე აქტიურად მუშაობენ. იქ არის ცხარე დისკუსიები, ფიქრი, დაგეგმარება. ვფიქრობ, რომ ამ მოკლე პერიოდში რაგბის კავშირმა დიდი სამუშაო გასწია. რთულია რაგბისთვის მნიშვნელოვანი პროცესების დაძვრა. ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორია, ეს გაურკვევლობა (რაგბის კავშირის არჩევნები რამდენიმეჯერ ჩატარდა), პანდემიით გამოწვეული პრობლემები, დავალიანება რომელიც რაგბის კავშირს აქვს. ამავდროულად ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ვერავინ ვერ დაგველოდება. უნდა შევძლოთ კრიზისული მომენტების გადალახვა. ვთვლი, რომ ახლა რაგბის კავშირი ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობს. შედეგებს უახლოეს მომავალში ვნახავთ. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი თვალსაჩინო იქნება”, – ლევან მაისაშვილი.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend