მთავარისაქართველოპარლამენტის საგაზაფხულო სხდომები განახლდა

პარლამენტის საგაზაფხულო სხდომები განახლდა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურად დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა.

დროებით კომისიას იმ პარტიის წევრი უხელმძღვანელებს, ვისაც ოპოზიცია ბრალს დებს რომ არჩევნები გააყალბა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პარტია „ქართული ოცნებიდან“ გივი მიქანაძე იქნება.

სულ კომისიას ოთხი წევრი ჰყავს. ორი მმართველი პარტიიდან, ორი კი ოპოზიციიდან.

 
მომდევნო ერთ თვეში „ევროპელმა სოციალისტებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოავლინონ შესაძლო დარღვევები.

მმართველი პარტია დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდებს, რომ მონაწილეობა მიიღონ კომისიის საქმიანობაში და წარმოადგინონ მტკიცებულებები, რათა დადგინდეს ნამდვილად გაყალბდა თუ არა გასული არჩევნები.

„გაოცებული და გაკვირვებული ვარ. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მეშვიდე თვეა ამტკიცებდით, რომ არჩევნები ისე გაყალბდა, შეუძლებელია ამ ქვეყანაში რაიმე პროგრესზე იყოს საუბარი და მთელ საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში დილიდან საღამომდე ათასგვარ გზავნილს უგზავნიდით და ამაში არწმუნებდით, თუმცა, დღეს გვეუბნებით, რა საჭიროა ამ კომისიის შექმნაო. დღესაც ხედავთ იმ გარემოებებს, რომ ეს არჩევნები გაყალბებული იყო და მასობრივ, უხეშ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. მობრძანდით ამ კომისიაში, წარმოადგინეთ მტკიცებულებები, ჩაერთეთ ამ კომისიის საქმიანობაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამ კომისიის მუშაობას სკეპტიკურად უყურებს საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი. მათი თქმით, საპარლამენტო კომისიის მუშაობა ახლა დაგვიანებულია და ამით ვერაფერი გაირკვევა.

„ახლა რომ მოგვიწოდებთ საგამოძიებო კომისიაში შემობრძანდითო, არ გვჭირდება თქვენს მიერ, თქვენივე მოპარული არჩევნების მერე გასალამაზებლად შექმნილი, რაღაცა საგამოძიებო კომისია. გითხრეს თქვენ, როგორი არჩევნებიც ჩაატარეთ. ისიც გითხრეს, რომ ასეთ არჩევნებს ვეღარ ჩაატარებთ ამ ქვეყანაში“, – პასუხობს „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული კანონპროექტი პოლიტიკური ამნისტიის შესახებ.

ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ ვარიანტს იწუნებს.

„ქართული ოცნება“ კი ოპოზიციისას.

ჯერ უცნობია სამი სასესიო მოსმენისა და განხილვების შემდეგ შეაჯერებენ თუ არა პოზიციებს მხარეები, რა სახით მიიღებს პარლამენტი კანონს და ვის შეეხება ამნისტია 2019 წლის 19-21 ივნისის საქმეებზე.

,,ოპონენტებმა გააკეთეს უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს გირაოს გამოყენების შემდეგ აღარ არის საჭირო ამნისტიის პროექტი. ესეც გახლავთ ძალიან უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო სპეკულაცია. ამნისტია არის არა გირაოს ეკვივალენტი, ან შემცვლელი, არამედ გახლავთ ამ საკითხების საბოლოოდ დახურვის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ის, რომ ნიკანორ მელიამ გირაოს მეშვეობით დატოვა საპატიმრო, არ ნიშნავს, რომ საკითხი მასთან დაკავშირებით საბოლოოდ არის დახურული“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტის ვერსიას მხარს არ დაუჭერენ.

მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ მათი თქმით, მმართველი პარტია ნამდვილად შეასრულებს პირობას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტურა.

„ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტში არსებული ჩანაწერი არის მცდელობა „ოცნების“ მხრიდან, რომ არიოს სიტუაცია და დააზიანოს პროცესი. რაც შეეხება ამნისტიის ორ კანონპროექტს, დღევანდელი მდგომარეობით მე არ მაქვს იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ ერთი კანონპროექტი გვქონდეს და ერთი კანონპროექტი დადგეს კენჭისყრაზე. თუმცა, არც პროგნოზს ვაკეთებ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან წინ გვაქვს სერიოზული დისკუსიები, ასევე დისკუსიები ფართო ფორმატში, სადაც დაზარალებულები მიიღებენ მონაწილეობას, ექსპერტებიც და დარწმუნებული ვარ, სერიოზული წნეხი იქნება „ქართულ ოცნებაზე,” – განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ხათუნა სამნიძემ.

პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქციაც შეიქმნა. მას შვიდი წევრი ჰყავს და მათგან ოთხი, პარტია „ლელოს“ წარმოადგენს.

ფრაქცია სახელწოდებით „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” სხვადასხვა საკითხებზე იმუშავებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend