მთავარისაქართველორამდენად ვუფრთხილდებით თბილისის რეკრეაციულ ზონებს?

რამდენად ვუფრთხილდებით თბილისის რეკრეაციულ ზონებს?

უქმე დღეებში დედაენის ბაღში უამრავი ხალხია.

მზიანი  ამინდებია და თბილისელები თავისუფალ დროს, ღია ცის ქვეშ ატარებენ.

შეზღუდვების გამო, შაბათ-კვირას კაფეები და რესტორნები დაკეტილია და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ  მოსახლეობამ გამწვანებულ ზონებში პიკნიკი მოაწყოს.

„როცა კარგი ამინდია, სულ პარკში ვარ. შაბათ-კვირას ჩემი დროის უმეტეს ნაწილს გარეთ ვატარებ“,  – ამბობს ანი.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე შაბათ-კვირას თითქმის ყველაფერი დაკეტილია, თავისუფალ დროს ან ქალაქგარეთ ბუნებაში და ან სარეკრეაციო ზონაში ვატარებ. მას შემდეგ, რაც დედაენის ბაღი განახლდა, თითქმის სულ აქ ვარ, ვნახულობ მეგობრებს, გამოვდივარ სუფთა ჰაერზე. აქ შეგიძლია დაისვენო, გაერთო და მეგობრებიც ნახო“, – გვიყვება მარიამი.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პარკში დასვენების კულტურა ძალიან პოპულარული გახდა.

„ეს ფრიად სასიხარულოა, რადგან განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცდილობს, რომ დასვენების დღეები სარეკრეაციო ზონებში გაატაროს“, – ამბობს გიგა გიგაშვილი.

მერიის წარმომადგენლის თქმით, ხალხის ნაკადის ზრდასთან ერთად დაბინძურების შემთხვევებმაც იმატა.

„თუმცა, სავალალო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. ეს თანმდევი პროცესია და ჩვენ, თბილისის მერია, დასუფთავების პროცესში აქტიურად ვართ ჩართული“, -ამბობს გიგა გიგაშვილი.

„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე მიიჩნევს,  რომ მოსახლეობა უფრო გულისხმიერად უნდა მოეკიდოს რეკრეაციული ზონების დანაგვიანების პრობლემას.

„საპიკნიკე ადგილებში ძირითადად მაინც რჩება ხოლმე ნარჩენები. როგორც წესი, შემდგომ ჯგუფებს უწევთ, რომ ჯერ დაალაგონ იქაურობა და მხოლოდ შემდეგ დასხდნენ საპიკნიკედ. თუმცა, ეს გამოსავალი არ არის. პრობლემა მაინც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოსახლეობა უფრო მაღალი თვითშეგნებით გამოირჩევა, ვიდრე ათი წლის წინ, როდესაც არ უფრთხილდებოდნენ გარემოს და პირდაპირ ტოვებდნენ ნაგავს“, – ამბობს ნინო ჩხობაძე.

ნინო ჩხობაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა პიკნიკის შემდეგ პირნათლად ალაგებს ტერიტორიას, და უფრო ნაკლებია ბუნების დანაგვიანების შემთხვევები,  რეკრეაციულ ზონებში მაინც ხშირად შეგხვდებათ საკვების ნარჩენები და პოლიეთილენის პარკები.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend