მთავარისაქართველოსიყვარული პანდემიის დროს

სიყვარული პანდემიის დროს

კორონაპანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. ერთ წელზე მეტია წყვილები ერთმანეთთან ჩვეულ ურთიერთობას ვეღარ ახერხებენ.

კინოთეატრებში პოპკორნის გაზიარება და მოგზაურობა კი ბუნებაში დისტანციურმა სეირნობამ და ონლაინ მიმოწერამ ჩაანაცვლა.

პანდემიის დაწყებიდან ნუკას და თემოს ურთიერთობას ერთობლივი თავგადასავლები დააკლდა.

მეტი დროის ერთად გატარების მიზნით კი მათ მალევე გადაწყვიტეს ქორწინება გაეფორმებინათ.

ნუკა ყავლაშვილი ამბობს, რომ ჩაკეტვის შემდეგ ვეღარსად ერთობოდნენ და ერთმანეთსაც ვერ ნახულობდნენ.

„როდესაც ადამიანთან ურთიერთობა ექვსი წლის განმავლობაში გაქვს, და ყოველდღიური შეხება გაქვს, მერე კი, პანდემიის გამო ვეღარ ხვდებით ერთმანეთს და ვერსად გადიხართ, ბუნებრივია ეს გარემოება ხელს გიშლის. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ცოტა ნაადრევად მივიღეთ“, –  თქვა ნუკამ “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბარში.

თორნიკე და ანა პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე გადავიდნენ ერთად საცხოვრებლად.

ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა ერთფეროვნების და მოწყენილობის საშიშროება მაინც შეიქმნა.

„მიუჩვეველი ხარ, რომ გარეთ გასვლა შეზღუდული გაქვს რაღაც ასპექტში. ამან თავიდან ერთი-ორი სირთულე „წამოჭიმა“. სახლში ესე გამოკეტილი ყოფნა მოსაწყენია და არ გინდა იფიქრო, რომ შენთან ერთად არის მოსაწყენი, როცა უბრალოდ სიტუაციაა მოსაწყენი“, –  ამბობს თორნიკე.

ნიკამ და სალომემ კი ურთიერთობა პანდემიის დროს ინტერნეტით დაიწყეს, როდესაც სალომე ბუდაპეშტში მაგისტრატურას ამთავრებდა.

აღმოჩნდა რომ ორივეს ერთ დღეს ჰქონდა დაბადების დღე.

„პანდემიის გამო, ჩვენ ორივე იზოლაციაში ვხვდებოდით დაბადების დღეს და ვღებულობდით მოლოცვებს ფეისბუკზე და სოციალურ ქსელებში. ზუსტად ამ დროს ვიპოვეთ ერთმანეთი. აღმოვაჩინეთ რომ სხვა ადამიანსაც აქვს იგივე დღეს დაბადების დღე და აქედან დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობა“, –  იხსენებს ნიკა მელქაძე.

„აქედან დაიწყო ძირითადად ყველაფერი, ძალიან აქტიურად. არც ველოდი, განსაკუთრებით პანდემიის ჟამს. მიუხედავად იმისა, რომ იზოლაციაში დათრგუნულები ვიყავით ყველანი, ნამდვილად არ გვეგონა, რომ ესე გავიმრავალფეროვნებდით ცხოვრებას არც მე და არც ნიკას“, –  ამბობს სალომე გეგუჩაძე.

ფსიქოლოგი სოფიო კოკოლიშვილი ამბობს, რომ კრიზისი პარტნიორულ ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდება და პარტნიორები უნდა დააკვირდნენ თუ როგორ რეაგირებენ სტრესზე და როგორ აისახება ეს გამოწვევები მათ პარტნიორულ ცხოვრებაზე.

ფსიქოლოგის თქმით, კრიზისულ პერიოდებში მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობების გადანაწილება, პარტნიორთან მუდმივი საუბარი და ერთმანეთის მხარდაჭერა.

„პირველი რეკომენდაცია იქნება: მეტი დაკვირვება და ნაკლები განსჯა იმ ცვლილებებზე, შინაგან ცვლილებებზე, რომელიც მათ მენტალურ თუ ფიზიკურ დონეზე ხდება. მეორე რეკომენდაციას ვიტყოდი, რომ მეტი გახსნილობა და მეტი საუბარი და ნაკლები თვითჩაკეტილობა და თვითიზოლაცია“, –  ამბობს ფსიქოლოგი.

თორნიკე პაპელაშვილს მიაჩნია, რომ მისი და ანას ურთიერთობა პანდემიისას ახალ ეტაპზე გადავიდა და მათ პასუხისმგებლობების გადანაწილება მოახერხეს.

„ყველა კარგი ურთიერთობა ვითარდება და სხვადასხვა ახალ ეტაპზე გადადის. ეს იყო შემდეგი ეტაპი, რომელსაც ბევრი კარგი მოჰყვა. ერთი-ორი ცუდიც იყო, მაგრამ ძირითადად ამ კარანტიში ყოფნა შეყვარუბულმა გამიადვილა. სახლის დალაგებაც მარტო მე არ მიწევს, არც საჭმლის გაკეთება“, – ამბობს თორნიკე.

სოფიო კოკოლიშვილის თქმით, ნებისმიერი კრიზისი ამასთანავე არის ახალი შესაძლებლობა.

აქედან გამომდინარე პანდემიამ შესაძლოა, ურთიერთობის გაძლიერებასაც შეუწყოს ხელი.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend