მთავარისაქართველო„მეხსიერების ფრაგმენტები“ ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში

„მეხსიერების ფრაგმენტები“ ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში

რას აერთიანებს „მეხსიერების ფრაგმენტები“? როგორ შეიძლება, ეს ფრაგმენტები შეაგროვო და ერთ საოცარ სანახაობად აქციო, სადაც ხელოვანისა და მნახველის მეხსიერება ერთიანდება.

15 ფრაგმენტი, საოცარი არტისტების 15 ნამუშევარი კერძო კოლექციებიდან… სერგო ფარაჯანოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები წინანდლის მამულში იყო გამოფენილი. ექსპოზიცია ისე იყო აგებული, რომ უკვე ეს ქმნიდა ზმანებისა და კარნავალის საოცარ ატმოსფეროს, ამ ორი ხელოვანისათვის დამახასიათებელ უცნაურ მაგიას. გამოფენასაც ასე ერქვა – „ცირკი და სიზმარი“. და ვინც იკითხა, რა კავშირშია ცირკი და სიზმარი გოგი ალექსი-მესხიშვილმა უთხრა: „ცირკი ხომ ვითომ მხიარულია და ამავე დროს არის ნაღვლიანი და სერგოც ასეთი იყო. სიზმარი კი…  ეს ცხოვრება ხომ სიზმარია.“

„მგონია, რომ ძალიან კარგია. აქ რაღაც ნაწილი ფარაჯანოვის იქნება, დიდი შემოქმედი იყო და ჩემი ოჯახის ახლო მეგობარი. გამოფენაზე მოგონებებია წარმოდგენილი. ეს ნაწილია იმ სერიების, რომელიც გაკეთებული მაქვს – ერთს სიზმარი ჰქვია, ხოლო მეორეს – ცირკი“, – თქვა თეატრის მხატვარმა, გოგი ალექსი-მესხიშვილმა.

სერგო ფარაჯანოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის გზები არაერთხელ გადაკვეთილა. ლეგენდარული რეჟისორის ფილმის, “აშიქ-ქერიბის” მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილია.

წინანდლის მამულში გაზაფხულია… ამწვანდა საოცარი სილამაზის ბაღი. და იმ დღეს პირბადეებით შეიარაღებული სტუმრები კიდევ ერთი საოცარი სანახაობის მოწმენი გახდნენ.  ბაღში უტა ბექაიას პერფორმანსი გაიმართა, რომელიც სერგო ფარაჯანოვის შემოქმედების ინსპირაციით შეიქმნა.

„დღევანდელი დღე თავისებური კოლაჟია, რომელიც სამი სხვადასხვა თაობის მხატვარს აერთიანებს და მნიშვნელოვანია, რომ აი, ამ ადგილას იყო, იმიტომ, რომ ამ ადგილსაც თავისი მეხსიერება აქვს. რეალურად, რაც სერგო ფარაჯანოვის უნიკალური სამყაროა, რომელიც სხვადასხვა რეალობას აერთიანებს, სწორედ აქ გაერთიანდა ყველაფერი და მეხსიერების ფრაგმენტებად გაცოცხლდა“, – აღნიშნა ხელოვნებათმცოდნემ, ქეთი შავგულიძემ.

„მეხსიერების ფრაგმენტების“ გაცოცხლებით, წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა. მისი ორგანიზატორი სწორედ „წინანდლის მამული” გახლავთ. მხარდამჭერი კი „თიბისი კონცეპტია“.  გამოფენის ნახვის შეასძლებლობა, კიდევ ერთი თვის განმავლობაში ექნებათ სტუმრებს.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი 2007 წლიდან კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ პატრონაჟის ქვეშაა. 2007 წლიდან დღემდე კი კომპანიის მხარდაჭერით, მუზეუმმა არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა.

„ჩვენი კულტურული სეზონი იხსნება შესანიშნავი გამოფენით, ორი უდიდესი ხელოვანი, რომლებიც ცხოვრებაში ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, დღეს უკვე შეხვდნენ წინანდლის მუზეუმში და ძალიან სასიამოვნო გამოფენა გამოვიდა“, – განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა.

სიზმრისა და თეატრის ამბები მწვანე მდელოზე სერგო ფარაჯანოვის პერსონაჟებს დაჰქონდათ. ანუ ამ პერსონაჟების შთაგონებით შექმნილ სახეებს. ეს იყო განწყობისა და ხასიათის წარმოდგენა – ბრჭყვიალა და ჯადოსნური სპექტაკლი.

„სერგო ფარაჯანოვს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი რეგიონის კულტურის განვითარებაში. თვითმყოფადია და ყოველთვის რაღაცნაირი ინსპირაციაა ჩემთვის და ყოველთვის იღებს წყაროს, თუნდაც ქვეცნობიერად, იმიტომ, რომ მეც მასსავით კოლაჟებივით ვაწყობ ყველაფერს“, – თქვა მხატვარმა, უტა ბექაიამ.

პერსონაჟები ნელ-ნელა ქრებოდნენ წინანდლის ბაღის ჩრდილებში. ეს იყო უჩვეულო წარმოდგენა, სადაც მთავარი პერსონაჟი, წინანდლის ბაღში შეკრებილი ხალხი აღმოჩნდა.

და აქაც იყო ფრაგმენტები… და აქაც იყო – მეხსიერება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend