მთავარისაქართველოსაქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველაზე ბევრი ადამიანი 6 მაისს აიცრა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველაზე ბევრი ადამიანი 6 მაისს აიცრა

საქართველოში კორონავირუსის დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6.41%-ია. კვლავ ძალაში რჩება ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი.

ამასობაში კი საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 43 ათასი დოზა შემოვიდა.

სპეციალური რეისი თბილისში 6 მაისს, დილით, შესრულდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ახალი დოზები იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც ამავე ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს.

„სრული იმუნიზაცია, ანუ რასაც ვეძახით ორჯერადი აცრა, უნდა გაკეთდეს ერთი და იმავე ვაქცინით. ანუ, თუ „სინოფარმით“ გაიკეთეთ, სჯობს 21-28 დღეში ისევ „სინოფარმი“ გაიმეოროთ. თუმცა, ვაქცინების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით კვლევების შედეგებს ველოდებით”, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ამასობაში კი საქართველოს პარლამენტის წევრები 6 მაისს “სინოფარმის” ვაქცინით საჯაროდ აიცრნენ.

იმუნიზაციის პროცესი აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობდა.

პარლამენტის წევრების ვაქცინაციას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა.

„ჩვენ ვაკვირდებით, რომ საზოგადოების მზაობა და მიმღეობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით და სანდოობა ამ პროცესთან მიმართებით, იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, იყო მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია როგორც სამსახურების და ბიზნეს სექტორის ჩართულობაც“, – განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

„ვაქცინაციის პროცესი არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც უნდა გადარჩეს მსოფლიოც და საქართველოც კორონავირუსისგან, შესაბამისად, აუცილებელია, რომ ავიცრათ იმ პროცედურების დაცვით, რასაც გვეუბნება ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში ერთ დღეში 3651-მა ადამიანმა გაიკეთა.

ეს ვაქცინაციის დაწყების დღიდან, რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობაა.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend