მთავარიევროპასაბერძნეთი"სოციალური სამზარეულო" უსახლკარო ათენელებს საკვებით უზრუნველყოფს

“სოციალური სამზარეულო” უსახლკარო ათენელებს საკვებით უზრუნველყოფს

საბერძნეთის მართლმადიდებელი მოსახლეობა აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება. მრავალწლიანი ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის გამო ბერძნების ნაწილი აღდგომას სახლში ვერ ხვდება. ქვეყანში კვლავ არის უსახლკაროების პრობლემა. მათ დასახმარებლად ათენში მუშაობს ე.წ „სოციალური სამზარეულო“, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს უფასო საკვებს სთავაზობს.

მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომას ოჯახებთან ერთად ხვდებიან. თუმცა სააღდგომო სუფრა ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. მათ შორის არც 58 წლის შეფი გიორგოს გაიტანისისთვის. შარშან მან სამსახური დაკარგა და ახლა ქუჩაში ცხოვრობს.

„მე მოედნებსა და პარკებში მძინავს. უსახლკარო ვარ. საბედნიეროდ არსებობს ეს ორგანიზაცია, რომელიც საკვებს ყოველდღე უზრუნველყოფს. სხვა არავინ მეხმარება. მე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს“, – ამბობს გიორგოს გაიტანისი, უსახლკარო.

ათენელმა კონსტანტინოს პოლიქრონოპულუსმა უსახლკაროების დახმარება 2011 წლიდან დაიწყო. მან შექმნა სპეციალური სამზარეულო, სადაც ის დღეში 60-70 ადამიანს კვებავდა. დღეს იგი უკვე სამი ათასამდე ადამიანს ემსახურება.

სამზარეულოსთვის საკვების მიწოდება ნებისმიერ მსურველ ადამიანს ან ორგანიზაციას შეუძლია.

„აქაურობა სიყვარულითაა სავსე. აქ სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიან. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“, – ამბობს კონსტანტინოს პოლიქრონოპულუსი, სამზარეულოს დირექტორი.

ვნების კვირის დროს სამზარეულოში მოხალისეები ასევე არიგებენ შოკოლადის კვერცხებს, სააღდგომო სანთლებსა და ფუნთუშებს.

მოხალისეებს შორისაა გრიგორია მაუროიდაკი, ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც გაჭირვებულებს თავის 12 წლის შვილთან ერთად ეხმარება.

„მე ჩემი შვილი აქ მოვიყვანე, რათა მისთვის მეჩვენებინა ცხოვრების მეორე მხარე. მინდა მას ვასწავლო რომ პრივილეგიების მქონე ადამიანები უნდა ეხმარებოდნენ მათ, ვისაც ნაკლებად გაუმართლა“, – ამბობს გრიგორია მაუროიდაკი, მოხალისე.

მრავალწლიანი ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის შედეგად ბევრმა ბერძენმა გაჭირვება საკუთარ თავზე იწვნია. ამ სამზარეულოში აშკარა ხდება თუ რამდენად საჭიროა არსებობდეს სოციალური დახმარების გამართული სისტემა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend