მთავარიევროპაიტალია26 მაისიდან იტალიაში შეზღუდვები შემსუბუქდება

26 მაისიდან იტალიაში შეზღუდვები შემსუბუქდება

26 აპრილიდან შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო იტალიაში.

იტალიის 20 რეგიონიდან ნახევარზე მეტი ყვითელ ზონად გამოაცხადეს. შედეგად რესტორნებსა და ბარებს, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ მოწყობილი, გახსნის უფლება მისცეს.

ასევე პირველად, 6 თვის განმავლობაში გაიხსნება მუზეუმები, სამხატვრო გალერეები, თეატრები და კინოთეატრები. დასწრებას მხოლოდ მაყურებლის შეზღუდული რაოდენობა შეძლებს.

გაუმართლათ იმ რესტორნების მფლობელებს, რომელთაც გარე სივრცე აქვთ. ლეონარდო სტარასი იმ იღბლიანთა მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთაც მუშაობის განახლების უფლება მისცეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ პირველ  დღეს ბევრი სტუმარი არ ჰყავდათ, რესტორნის მეპატრონისთვის ეს მაინც წარმატებაა.

ლეონარდო აღნიშნავს, რომ მისი ბიზნესი იმიტომ გადარჩა, რომ იგი რომის ტურისტული ცენტრიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს. რომ არა ის მუდმივი მომხმარებლები, რომლებიც მუდმივად სტუმრობენ მის რესტორანს, იგი ახლაც ტურისტების მოლოდინში იქნებოდა.

გახარებული მუდმივი მომხმარებლები კი რიგში ჩადგომას ჩქარობდნენ, თუმცა ამავე დროს გარკვეულ შიშსაც გრძნობდნენ.

სტეფანო პაპა, რომელიც ამ ადგილს ხშირად სტუმრობს, ღელავს, კვლავ არ დაიკეტოს მისი საყვარელი რესტორანი.

ერთ-ერთი ბარის მენეჯერი კი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ბიზნესის წარმომადგენელს არასამართლიანად მოექცნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მელისა მასეტის ბარს მუშაობის განახლების უფლება მისცეს, იგი თანაუგრძნობს იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა რესტორნები კვლავ დაკეტილია იმის გამო, რომ მათ ღია სივრცეები არ აქვთ მოწყობილი.

მისი მოწყობა კი საკმაოდ ძვირი ჯდება.

იტალიელები შესაძლებლობას  ხელიდან არ უშვებენ. მათ უყვართ ლანჩზე გასვლა და ზოგადად რესტორანში სიარული.

ტურისტების ნაკლებობის გამო ისინი, ვისაც დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში ჰქონდა ბიზნესი, ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

ზოგი ობიექტი ჯერაც არ გახსნილა. გარეთ კაფეში დაჯდომა ან  სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა ადამიანს იმის განცდას უქმნის, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მრავალი თვის შემდეგ თეატრები და კინოთეატრები კვლავ გაიხსნა.

ერთ-ერთ კინოთეატრში პირველ კინოჩვენებაზე 150 ბილეთიდან მხოლოდ 30 გაიყიდა. ადამიანების მცირე რაოდენობა, სავარაუდოდ, იმის შედეგია, რომ ბევრს ვაქცინა ჯერ არ აქვს გაკეთებული. ისინი კი, ვინც კინოთეატრში მივიდა, სიხარულს ვერ მალავდნენ.

კინოთეატრის მენეჯერ ელენა კატოზისთვის ეს ემოციური მომენტია, მას სიხარულის ცრემლებიც კი მოსდის.  მისი თქმით, ეს ურთულესი პერიოდი იყო მათთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველკვირა კინოთეატრებში დადიოდნენ. ახლა კი ყველა გახარებულია, რადგან ნანატრი დღე დადგა.

ერთ-ერთი ოჯახური კინოთეატრის მფლობელი კი აღნიშნავს, რომ აუცილებელია იმ კულტურული ნაპრალის შევსება, რომელიც პანდემიამ წარმოშვა.

კინოთეატრის დირექტორ ფაბიო ამადეის განცხადებით, კინოთეატრები, თეატრები და მუსიკალური დარბაზები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ საკითხის მოგვარებაში.

მისი აზრით, არ შეიძლება მათი უყურადღებოდ დატოვება და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გააგრძელოს მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ვაქცინაციის პროგრამის შედეგები არ იგრძნობა, იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქებით წინასწარ განსაზღვრულ რისკზე მიდიან.

იტალიელები კი იმედოვნებენ, რომ ყველაზე რთული უკვე უკან მოიტოვეს და ის დრო აღარასდროს დაბრუნდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend