მთავარი გადაცემები Cult აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმი

აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმი

ხალიჩა ათასწლეულების განმავლობაში აზერბაიჯანული კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. 2010 წელს მისი მნიშვნელობა იუნესკომაც აღიარა და აზერბაიჯანული ხალიჩები არამატერიალური  კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

ტრადიციული აზერბაიჯანული ხალიჩები მჭიდროდ არის ნაქსოვი და სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულ ორნამენტებს იყენებენ. მსოფლიოში პირველი ხალიჩის მუზეუმი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარეობს. მუზეუმში ულამაზესი ხალიჩებია გამოფენილი, საუკეთესო ნიმუშებს კი სპეციალურ საცავში ინახავენ, სადაც  ყველა აუცილებელი პირობაა დაცული.

“ხალიჩა აზერბაიჯანის, აზერბაიჯანელი ხალხისა და მისი კულტურის სიმბოლოა“, – ამბობს ანარ კერიმოვი, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი. „ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან მივიღეთ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ეს იმდენად ძვირფასი და მშობლიურია აზერბაიჯანელი ხალხისთვის, რომ ხალიჩას ყველა სახლსა და ოჯახში ნახავთ, ეს ჩვენი ყოფის ძალიან მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია.“

 
აზერბაიჯანული ხალიჩა მრავალფეროვანი კომპოზიციით, ცოცხალი ფერებითა და ქსოვის განსხვავებული ტექნიკით არის ცნობილი.

შირინ მელიკოვა, ხალიჩის მუზეუმის დირექტორი:

„ორნამენტები სხვადასხვა ეპოქაზე მიგვანიშნებენ. თითოეულ მათგანში ძალიან ღრმა აზრია ჩადებული და თუ მათი მნიშვნელობა იცი, შეგიძლია თითოეულ ისტორიულ ეპოქაზე ამ ორნამენეტების მიხედვით იმსჯელო.“

აზერბაიჯანული ხალიჩის ქსოვის ტექნიკა ბრინჯაოს ხანიდან მოდის. დღეს ხალიჩის ქსოვის შვიდი სკოლა არსებობს და თითოეული მათგანი საკუთარი ორნამენეტებითა და ტრადიციებით გამოირჩევა.

ჩინგიზ ბაბაევი, ხელოვანი 2017 წესლ მოქსოვილ ხალიჩას გვიჩვენებს, რომელსაც „წინააღმდეგობა“ ჰქვია. ნახატი შავი ყვავის ფიგურებითაა დაფარული და მხოლოდ ერთია ნარინჯისფერი ფიგურა.

„ხალიჩის ნახატის მთავარი თემა პიროვნებასა და საზოგადოებას შორის დაპირიპირებაა, შავი ყვავის ფიგურები საზოგადოებას ასახავს, ნარინჯისფერი ფიგურა კი – პიროვნებას. ეს პიროვნება საზოგადოებას უპირისპირდება,“ – განმარტავს ჩინგიზ ბაბაევი.

ბაქოს ხალიჩის მუზეუმი ერთდროულად კვლევითი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრიცაა, სადაც გამოფენები, საერთაშორისო სიმპოზიუმები და კონფერენციებიც იმართება.

აზერბაიჯანის ხალიჩის მუზეუმი უნიკალური ადგილია, რომელიც ერთნაირად იზიდავს ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს.

ტატიანა ივაშკევიჩი, დამთვალიერებელი:

„მე ტურისტებთან ვმუშაობ და ყველას ვურჩევ ხალიჩის მუზეუმის მონახულებას, რადგან ეს შენობა ერთანირად ლამაზია როგორც შიგნიდან, ისე გარედან. როდესაც გარედან უყურებ, მისი დიზაინი დაკეცილ ხალიჩას გაგონებს, ინტერიერმა კი ბავშვობაში დამაბრუნა, რადგან ბებო გამახსენდა, როდესაც მის საზაფხულო სახლში ვიღვიძებდი, ხალიჩა იყო პირველი, რასაც ვხედავდი.“

ავტორი: ემინ იბრაჰიმოვი

უახლესი

სხვა ამბები

აზერბაიჯანულიაზერბაიჯანული

Send this to a friend