2026 წლამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, ენერგეტიკის სფეროში სრულ რეფორმას განახორციელებს.
საკანონმდებლო, ტექნიკური და არსობრივი ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით შეცვლის ენერგეტიკის დარგს.
ელექტროენერგიის შემკრები და გამანაწილებელი ორი მონოპოლისტი კომპანიის – თელასისა და ენერგოპრო ჯორჯიას საქმიანობიდან გამოიყოფა მიწოდების ნაწილი.
ენერგიის დისტრიბუციას ჰესებიდან მომხმარებლამდე წვრილი კომპანიები შეძლებენ, რომლებიც ბაზარზე გაჩნდებიან.
ყიდვა-გაყიდვა ონლაინ ბირჟით მოხდება, რაც ენერგიის ექსპორტ-იმპორტს კონკურენტულს გახდის. ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეხვედრაზე.
[br]“მოგეხსენებათ, დაგეგმილია ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება, აქედან გამომდინარე, ბიზნესის ინტერესი ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დიდია, რაც მისასალმებელია. სამომხმარებლო ტარიფებზე ეს რეფორმა გავლენას არ მოახდენს. თუმცა ბიზნესს საშუალებას მისცემს თავად მოიძოს ელექტროენერგიის მომწოდებელი ან მყიდველი. რასაც უკვე ბირჟა და კონკურენცია დაარეგულირებს. ასევე, ბუნებრივად მონოპოლისტი ორი შემკრებ-გამანაწილებელი კომპანია „თელასი“ და „ენერგოპრო“ დარჩებიან როგორც ქსელის მფლობელები. მაგრამ ელექტროენერგიის მომხმარებლამდე დისტრიბუციას წვრილი გამანაწილებელი კომპანიები შეასრულებენ. ეს კი ბაზრის დივერსფიკაციას მოიტანს“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იმ წევრებმა, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში საქმიანობენ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეფორმის პაკეტის შესახებ.
მათი უმრავლესობა რეფორმის ეტაპებით, შესასრულებელი სამუშაოების ტემპითა და შესაძლო სარგებლის მოცულობით კმაყოფილი დარჩა.
“ბიზნესს ასეთი სეხვედრები სჭირდება. მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია სემეკის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. ენერგეტიკის სფერი მომგებიანი, მაგრამ რთული და დიდი სისტემაა, რასაც მუდმივად სჭირდება განახლება და ამისთვის გაიმართა სწორედ ეს შეხვედრაც. საბოლოო ჯამში, რეფორმა პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს, როგორც ქვეყნის, ისე კერძო კომპანიებისთის“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმა გავლენას არ მოახდენს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებზე, რაც მოსახლეობის პირდაპირი ინტერესია. კომპანიები კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მოახდენენ ენერგიის რეალიზებას.
ამ ნაწილში მხოლოდ ტექნიკური ნაწილი შეიცვლება. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ელექტრონულ ბირჟაზე მოხდება, რომელიც უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს. სრულად კი მიმდინარე წლის ივლისიდან ჩაეშვება.
ალეკო გვეტაძე