მთავარი საქართველო იპოვე შენი შემდეგი წიგნი - თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია

იპოვე შენი შემდეგი წიგნი – თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია

“იპოვე შენი შემდეგი წიგნი” – ამ სლოგანით თბილისმა მსოფლიოს ბევრი ქართული წიგნი უნდა აპოვნინოს, ბევრი თანამედროვე მწერალი გააცნოს და საქართველოში ბევრი ლიტერატურის მოყვარული ჩამოიყვანოს.

“დღეს თბილისი მსოფლიოს ლიტერატურულ და სახელოვნებო რუკაზე საკუთარი ფერით მოინიშნა. მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე დიდი ავტორის, რუსთაველის ფერი. ეს ფერი გულისხმობს სამყაროს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ამბავს, რომ გვაქვს უთვალავი ფერითა”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისა.

“სამწუხაროა, რომ დღეს გახსნის ცერემონიას ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ვერ ესწრებიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. გამომცემლები, მწერლები და მთარგმნელები. ისინი, ვისაც დიდწილად ეხება ეს პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ემსახურება ლიტერატურას, მკითხველს, ავტორებს, გამომცემლებს, მთარგმნელებს და მწერლებს, მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად განხორციელდება”, – განაცხადა პროექტ “თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა.

“ჩვენი ქალაქი ერთი წლის განმავლობაში კითხვის, წერის, შემეცნების, განვითარებისა და მუდმივი პროგრესის სურვილით ანთებული ადამიანების შეხვედრის ადგილი იქნება. მომავალი წლის 23 აპრილამდე, მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდება ქალაქ კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან თბილისის მერმა ზუსტად 1 წლით გადაიბარა. საზეიმო ღონისძიებას დიპლომატები და გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ. წიგნის მსოფლიო დედაქალაქი სწორედ “იუნესკოს” პროექტია, რომელიც 2001 წელს ორგანიზაციის გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა.

“ეს წელი ყველასთვის ძალიან რთული იყო, მათ შორის საგამომცემლო ინდუსტრიისთვის და მსოფლიოში საგანმანათლებლო სისტემისთვის. თუმცა გაზაფხული დადგა, უკვე შეგვიძლია რეალურ ღონისძიებას დავესწროთ, პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისი ჩემპიონია”, – განაცხადა  იან დენისონმა, UNESCO-ს პროექტ “წიგნის მსოფლიო დედაქალაქის”  კოორდინატორმა.

საზეიმო ღონისძიებაზე, სადაც თბილისი ოფიციალურად გახდა წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, სპეციალური წარმოდგენა გაიმართა.
სცენაზე ქართული ლიტერატურიდან ათი ეპიზოდი გაცოცხლდა. სტუმრებმა ქართული ნაწარმოებების გმირები გაიცნეს.
ამ პროექტის მიზანიც ეს არის – რაც შეიძლება მეტი ქართული ნაწარმოების გმირი გაიცნოს მსოფლიომ. მეტი ნაწარმოები ითარგმნოს სხვდასხვა ენაზე და მეტი პერსპექტივა ჰქონდეთ თანამედროვე მწერლებს, გამომცემლებს, მთარგმნელებს.

“პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა სპეციალური პრემია ახალგაზრდა მთარგმნელების პირველი თარგმანისთვის, რომელიც მომავალი წლის 22 აპრილს გაიცემა”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ღონისძიებაზე  ვიდეო მიმართვისას.

თბილისის წიგნის მსოფლიოს დედაქალაქად გამოცხადებამ გურამ დოჩანაშვილის გარეშე ვერ ჩაირა.

ქართული ლიტერატურისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს გაიხსენეს კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.

ნანუკა მეშველაშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

თბილისითბილისი
Send this to a friend