ბრიტანული ორგანიზაცია თანამეგობრობის ომის საფლავების კომისიის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, 100 ათასზე მეტი ფერადკანიანი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ჯარისკაცი, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის იმპერიის სამსახურისთვის დაიღუპნენ, რასისტული დამოკიდებულების გამო სათანადოდ დაფასებული არ იყვნენ.
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მოხსენება ერთგვარი,,გამოფხიზლება’’ უნდა იყოს ყველასთვის და რომ უმცირესობის წარმომადგენელი ჯარისკაცების მიმართ მსგავსი სახის დამოკიდებულება უპატიებელი და ძალიან სამწუხარო საქციელია.
,,როდესაც თანამეგობრობის ომის საფლავების კომისია შეიქმნა, მისი მთავარი პრინციპი იყო, არავინ ყოფილიყო გამორჩეული. რა წოდებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს სოციალურ თუ სამხედრო ცხოვრებაში და რა რელიგიის აღმსარებელიც არ უნდა იყოს, საჭიროა ყველას თანაბარი პატივისცემით მოვეპყროთ და მოვიგონოთ. საუბედუროდ, ამ მოხსენებაში წარმოდგენილი ინფორმაცია გვამცნობს, რომ ამ პრინციპს იმ ეპოქაში ნაკლებად ითვალისწინებდნენ’’, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.
გასულ თვეში სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულმა მოხსენებამ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ცრურწმენების არსებობის მიუხედავად, ქვეყანა ,,ინსტიტუციურად რასისტული’’ არ არის, ადამიანის უფლებების დამცველების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
თანამეგობრობის ომის საფლავების კომისიის განცხადებით, დაღუპულ ჯარისკაცებს შესაბამის პატივს რომ არ მიაგებდნენ, ეს განპირობებული იყო ინფორმაციის სიმწირისა და სხვა ორგანიზაციებისა და კოლონიური ადმინისტრაციის წარმომადგენლების პირადი შეხედულებების გამო. ეს კი მცდარი ინფორმაცია იყო.
მოხსენებაში ციტირებულია 1923 წელს არტურ ბრაუნისა და ბრიგადის გენერალ გორდონ გუგისბერგის საუბარი.
გუგისბერგი იმ დროს ბრიტანეთის კონტროლირებადი ოქროს ნაპირის (დღევანდელი განის) გუბერნატორი იყო.
გუგისბერგი ამბობს, რომ ,,ადგილობრივი ვერ გაიგებს და ვერ დააფასებს საფლავის თავზე დადგმულ ქვას.’’
ამიტომ იგი მხარს უჭერდა კოლექტიური საფლავებისა და ძეგლების იდეას მასზე მებრძოლების სახელების განთავსების გარეშე. თანამეგობრობის ომის საფლავების კომისია დაარსდა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დაღუპული დიდი ბრიტანეთის ჯარისკაცების მოსაგონებლად.
კომისია ზრუნავს დაღუპულთა საფლავებზე, რომლებიც 150-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 23 ათას ადგილზე არის განთავსებული. ამ საფლავებში დაახლოებით 1.7 მილიონი დაღუპული მებრძოლი არის დასვენებული.