მთავარიამბებიაფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. როგორც ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, მისი შუამდგომლობა პროკურატურამ დააკმაყოფილა და ამასთან, საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა.

აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 7 აპრილს აფგან მუხთარლი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მანამდე არაერთგზის გამოთქმული სურვილი, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და საქართველოს პროკურატურისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე.

აფგან მუხთარლი, მისი დამცველის არჩილ ჩოფიკაშვილის თანხლებით, პროკურატურაში 9 აპრილს გამოიკითხა.

მუხთარლიმ გამოკითხვისას განმარტა, რომ გატაცებამდე მისი და სხვა აზერბაიჯანელი დევნილების მიმართ საქართველოში ხორციელდებოდა მუდმივი თვალთვალი და მიყურადება. მან გამოძიებას წარუდგინა იმ ორი პირის ფოტოსურათები, რომლებიც მას საქართველოში უთვალთვალებდნენ და, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით მომზადდა და დაიგეგმა მუხთარლის თბილისიდან გატაცება.

გარდა ამისა, მუხთარლიმ დაასახელა ის აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნებიც, რომლებიც, მისი ინფორმაციით, მონაწილეობდნენ მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.

„უფლებები საქართველოს“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ მუხთარლის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია კვლავაც დასაზუსტებელია და უნდა მოიცვას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები, ასევე 154-ე მუხლის მეორე ნაწილი.

„ნათელია, რომ აფგან მუხთარლის მიმართ ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“, – აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend