კუბის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ რაულ კასტრომ თანამდებობა დატოვა. კომუნისტური რეჟიმი ქვეყანაში მისმა ძმამ ფიდელ კასტრომ 1959 წლის რევოლუციის შემდეგ დაამყარა.
89 წლის რაულ კასტრომ თავისი გადაწყვეტილება მერვე მოწვევის კონგრესზე გამოაცხადა. კონგრესში მხოლოდ ერთი პარტიაა დაშვებული.
„მე ვასრულებ ჩემს საქმიანობას, აღარ ვარ კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე. მეუფლება კმაყოფილების გრძნობა, რადგან ჩვენს ქვეყანას ღირსეულად ვემსახურე. სანამ ცოცხალი ვიქნები, დავიცავ ჩვენს სამშობლოს, რევოლუციისა და სოციალიზმის იდეას. დიდება თავისუფალ კუბას, დიდება ფიდელს“, – განაცხადა კუბის კომუნისტური პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ რაულ კასტრომ.
ამჟამად კუნძულზე რთული ეკონომიკური ვითარებაა. კორონავირუსის პანდემიისა და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად კუბის ეკონომიკა შარშან 11 პროცენტით შემცირდა.
მაღაზიების დახლებზე საკვების დეფიციტია. კუბა ბოლოს ასეთ კრიზისში 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა.
„იმედი მაქვს, მდგომარეობა გამოსწორდება, ხელფასები გაიზარდა, თუმცა ყველაფერი გაძვირდა. ფული აღარ გვყოფნის“, – ამბობს პენსიონერი მარია მარტინესი.
კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომლის მიხედვით, კუნძულზე ერთიანი სავალუტო სისტემა ამოქმედდება.
ბევრი შიშობს, რომ ეს გადაწყვეტილება ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის. პრეზიდენტი აპირებს მეტი უფლებები მისცეს კერძო ბიზნესს და მოიზიდოს უცხოელი ინვესტორები.