მთავარიამერიკააშშამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, ამერიკა 10 რუს დიპლომატს გააძევებს და ათეულობით კომპანიას ეკონომიკურ სანქციას დაუწესებს.

აშშ რუსეთს გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და ფედერალურ სააგენტოებზე ჰაკერულ თავდასხმებში ადანაშაულებს. რუსეთი კი ეკონომიკური სანქციების გამო მკაცრი პასუხით იმუქრება.

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის ქმედებებმა დარტყმა მიაყენა ამერიკის დემოკრატიულ განვითარებას და იმისათვის, რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს გადადგმულ ნაბიჯებზე.

მოსალოდნელია, რომ ახალი სანქციების დაწესება კიდევ უფრო გააუარესებს აშშ-სა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობას.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ  მისი ადმინისტრაცია უფრო მკაცრი ზომების გატარებასაც განიხილავდა, სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით რუსეთთან დაკავშირებით ნაკლებად სადამსჯელო ზომები მიიღეს.


,,ახლა დეესკალაციის დროა. წინ უნდა წავიწიოთ შინაარსიანი დიალოგისა და დიპლომატიური პროცესების მეშვეობით. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, კონსტრუქციული გზებით მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ჩემი შეხედულება ასეთია: თუკი აშშ-ს ინტერესებში შედის რუსეთთან რაიმე კუთხით თანამშრომლობა, მაშინ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მაგრამ თუ რუსეთი ზიანს აყენებს აშშ-ს ინტერესებს, იქ ჩვენ შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ’’, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

თეთრი სახლის ახალი გადაწყვეტილებები რუსეთთან ურთიერთობაში უფრო მკაცრი პოლიტიკის არჩევის ნიშანია.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, სანქციების დაწესების მიუხედავად, იშვიათად აკეთებდა რუსეთის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს.

ბოლო 2 დღის განმავლობაში ეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული მეორე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

შეგახსენებთ, გასულ დღეებში თეთრმა სახლმა გააკეთა განცხადება ავღანეთიდან ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით. თავისი მმართველობის საწყის თვეებში ბაიდენი უფრო მეტად დაკავებული იყო  ქვეყნის საშინაო საქმეების მოგვარებით, მათ შორის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend