მთავარი საქართველო უცხოელი სტუდენტები საქართველოში

უცხოელი სტუდენტები საქართველოში

ნეგარი ირანელია, მოჰამედი კი – პაკისტანელი.  საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდნენ. ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. აქ ცხოვრების   განმავლობაში არაერთი ქართველი მეგობარი შეიძინეს.

„ქართველი ხალხი ძალიან მეგობრულია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობა, ისინი უკეთაც ლაპარაკობენ ინგლისურად და მათთან კომუნიკაცია უფრო მარტივია“.

თუმცა, ნეგარი ამბობს, რომ რადგან ირანელია, უფროსი თაობის ქართველებისგან უსიამოვნო დამოკიდებულება უგრძნია.

„უფროსი თაობისგან რასისტული დამოკიდებულება მიგრძნია. ხშირ შემთხვევაში ამ დამოკიდებულებას ისტორიული კონტექსტი აქვს – საქართველოსა და ირანის მრავალწლიანი ურთიერთობა. თუმცა ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია“, – ამბობს ნეგარი.


მოჰამედი პაკისტანიდანაა. ნეგარის მსგავსად, ისიც საქართველოში თავს კარგად გრძნობს.

„ხალხი საკმაოდ მეგობრულია. ისინი ბევრ რამეში დამეხმარნენ. სირთულე კი ბინის დაქირავება აღმოჩნდა. ხშირ შემთხვევაში ქართველი ხალხი უცხოელებს არ ენდობა. ისინი ფიქრობენ, რომ უცხოელები ბინას არ მოუფრთხილდებიან და დააზიანებენ. ქირაობისას მე ქართველი მეგობარი დამეხმარა. ვფიქრობ, რომ სახლის პატრონი ჩემით კმაყოფილია“, – ამბობს მოჰამედი.

ბინის ქირაობის პრობლემას ბევრი უცხოელი სტუდენტი აწყდება. ხშირ შემთხვევაში გამქირავებლებს არ სურთ, ბინა აფრიკელ ან აზიელ სტუდენტებს დაუთმონ.

„ინდოელი სტუდენტები ხშირად თაღლითობის მსხვერპლი ხდებიან. ბინის გაქირავებაზე მათ ხშირად უარს ეუბნებიან, უფრო ძვირს აფასებენ ან დამატებითი თვის თანხას სთხოვენ“, – განუცხადა „ევრონიუს ჯორჯიას“ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ეკა ჭითანავამ.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ინდოელი მოჰამედ მასატი საქართველოში ცხოვრების სხვა სირთულეებზეც საუბრობს. მისი თქმით, ქართველი ხალხი არც ისე კარგად ეპყრობა უცხოელებს.

„ძირითადად, უფროს თაობას არ უყვარს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. გამიგია ისეთი მოსაზრებებიც, თითქოს ჩვენ მათ ქვეყანას ან კულტურას ვართმევთ. ხშირ შემთხვევაში არასწორი წარმოდგენა აქვთ შექმნილი ინდოელ ხალხზე“, – აღნიშნავს მოჰამედი.

მოჰამედის წუხილს „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ეკა ჭითანავაც ადასტურებს.

„სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის პრობლემა არსებობს. ღვივდება ანტიმიგრანტული დამოკიდებულება, განსაკუთრებით  აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ. თითქოს ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს კულტურასა და იდენტობას. მათ ეშინიათ, რომ დავკარგავთ ჩვენს ტრადიციებს, ისინი გამრავლდებიან, ჩვენ კი შევმცირდებით“, – განაცხადა ეკა ჭითანავამ.

„მგონია, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები გარეგნობით აღარ უნდა შეაფასო…  უფრო უკეთ რომ გაგვიცნობენ, ჩვენზე სტერეოტიპული წარმოდგენა ეცვლებათ“, – ამბობს მოჰამედი.

სტუდენტები ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოება უფრო გულისხმიერი ხდება უცხოელების მიმართ.

ახალგაზრებს შორის კი საკმაოდ იშვიათი გახდა რასისტული და ქსენოფობიური დამოკიდებულებები.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

სტუდენტებისტუდენტები

Send this to a friend