მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარისასურსათო ნარჩენების შემცირება პლანეტის გადარჩენის ტოლფასია

სასურსათო ნარჩენების შემცირება პლანეტის გადარჩენის ტოლფასია

მსოფლიოში მოხმარებული საკვების მესამედი იყრება. ეს დაახლოებით 1.3 მილიარდი ტონას უდრის. საკვების ნარჩენების პრობლემა გლობალური გამოწვევაა და პანდემიის დროს უფრო გაამძაფრდა. ამ პრობლემის შედეგები უარყოფითად აისახება ნარჩენების მართვის სისტემაზე, სასურსათო უსაფრთხოებაზე, ბიომრავალფეროვნებასა და ეკოლოგიაზე.

მხოლოდ ევროკავშირში ყოველ წელს 88 მილიონი ტონა სასურსათო ნარჩენია, რაც 143 მილიარდი ევროს ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ევროკომისია  „მდგრადი განვითარების მიზნის“ ერთგულია და  2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე სასურსათო ნარჩენების განახევრებას გეგმავს. რადგან სურსათის ნარჩენები სხვადასხვა სფეროს საქმიანობის შედეგია, მისი მოვლის მეთოდებიც განსხვავებულია.


​ჰანა და ტერეზა არაკომერციულ ორგანიზაცია Restlos Glücklich-ის წევრები არიან, ეს ორგანიზაცია საკვების ეკონომიურად გამოყენების კამპანიას აწარმოებს.

საგანმანათლებლო პროექტებისთვის ისინი ხშირად იყენებენ ისეთ საკვებს, რომლის მოხმარების ვადაც იწურება ან მიმზიდველად არ  გამოიყურება.

ბერლინში, ორგანიზაციის სათავო ოფისში, ჰანა და ტერეზა ხალხს დაწუნებული პროდუქტისგან ჯანსაღი და გემრიელი სადილის მომზადებას  ასწავლიან.

დაწუნებული პროდუქტის გამოყენების ჩვენება სასურსათო ნარჩენების შემცირების ერთ-ერთი გზაა.

​„ყოველ წელს გერმანიაში 18 მილიონი ტონა საკვები იყრება. ეს სრული აბსურდია“, – გვიხსნის ჰანა ლეგლეიტნერი, RESTLOS GLÜCKLICH-ის ხელმძღვანელი. „ჩვენ ვაწარმოებთ კამპანიას, რომ ეს საკვები გადავარჩინოთ და მოხმარების ჯაჭვში დავაბრუნოთ. ვცდილობთ, ხალხს გავაგებინოთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, როგორ აისახება კლიმატზე ის ფაქტი, რომ უამრავი საკვები იყრება.“

​დღეს ჰანა და ტერეზა მასტერკლასს პირდაპირ ეთერში ატარებენ.  ეს გაკვეთილი საერთაშორისო ონლაინინიციატივის #planetaryhealthchallenge-ის ნაწილია. ამ ინიციატივის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა ისეთ საკითხზე, როგორიცაა ოპტიმალური კვების რეჟიმი და მისი გავლენა პლანეტაზე.

ბერლინში მდებარე Sirplus-ის  სუპერმარკეტების ქსელი იმ პროდუქციას ყიდის, რომელიც მიმზიდველად არ გამოიყურება, ცუდად არის შეფუთული ან ვადა გასდის.  პროდუქციის გაყიდვამდე მის უსაფრთხოებას ამოწმებენ.

სუსანე ზანდერი, SIRPLUS-ის მენეჯერი ამბობს, რომ ​მხოლოდ 2020 წელს „სირპლუსის“ მეშვეობით 3.5 მილიონი პროდუქტი გადაურჩა გადაყრას. „ამით საკვებსაც ვინარჩუნებთ და გარემოში სათბურის აირების გამონაბოლქვის შემცირებასაც ვუწყობთ ხელს“, – განმარტავს სუსანე ზანდერი.

სურსათის გადარჩენა კიდევ ერთი ონლაინინიციატივის foodsharing.de-ს მთავარი საქმიანობაა, რომელიც გერმანიასა და ავსტრიას ემსახურება.

ეს ონლაინპლატფორმა ისეთ მოხალისეებს აკავშირებს, რომლებიც მოქალაქეებისგან, სავაჭრო ობიექტებისგან და მწარმოებლებისგან საკვებად ვარგის ჭარბ პროდუქტს იბარებენ და უფასოდ არიგებენ.

კატია შელი, FOODSHARING.DE-ის კომუნიკაციების მენეჯერი:

„ჩვენი  კარი ყველასთვის ღიაა. ნებისმიერს შეუძლია, ჩვენს მოძრაობას შემოუერთდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოძრაობის წევრები მოხალისეები არიან, უკვე 10 ათასზე მეტი აქტიური მოხალისე გვყავს ბერლინში.“

FOODSHARING.DE-ის მოხალისე ლენა ალექსი გვიხსნის, თუ რატომ გადაწყვიტა, რომ საკვების გაზიარების პლატფორმის მოხალისეც ყოფილიყო და მომხმარებელიც.

ლენა ალექსი:

„მე ამ პლატფორმის ნაწილი ვარ, რადგან მგონია, რომ ძალიან ბევრი საკვებად ვარგისი პროდუქტი იყრება. მინდა, ამასთან დაკავშირებით რაღაც გავაკეთო და ამიტომ საკვების გადარჩენაშიც ვიღებ მონაწილეობას და განაწილებაშიც. გარდა ამისა, მსურს ჩემს პატარასაც ვაჩვენო, რა ეფექტიანად მუშაობს საკვების გაზიარების სისტემა.“

​​​საასურსათო ნარჩენების შემცირების სხვადსახვა გზა არსებობს, რომელიც პლანეტაზე CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებასაც ემსახურება.  გადასაგდებად გადადებული პროდუქტისაგან კარგი სადილის მომზადებაც ერთი ასეთი გზაა. ის ცოტა დროსა და ცოტა ფანტაზიას  მოითხოვს, და როგორც ორგანიზაცია Restlos Glucklich-ის ხელმძღვანელო ჰანა ამბობს: „პლანეტის გადარჩენის საშუალება შეიძლება ძალიან გემრიელიც იყოს.“

ავტორი: კლაუდიო როსმინო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend