დღეს, 15 აპრილს, ვენაში დელეგატები კიდევ ერთხელ განიხილავენ ,,ერთობლივ სამოქმედო გეგმას,” რომლის მიხედვითაც მხარეები ირანს სანქციების შემსუბუქებასა და ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელებას ჰპირდებიან, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა შეაჩერებს ბირთვული პროგრამის განვითარებას.
ირანის ხელისუფლება კი ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უარყო შემოთავაზებები, რომლებიც ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებისას ირანის ხელისუფლებამ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიიღო.
ხამენეის განცხადებით, ეს შეთავაზებები ირანის ხელისუფლებისთვის მისაღები არ არის.
ალი ხამენეიმ ამ საკითხზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც თეირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი უკვე მზად იყო, ურანი 60 პროცენტამდე გაემდიდრებინა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ირანს თავისი ბირთვული პროგრამის განმავლობაში აქვს მიღწეული, თუმცა ატომური იარაღის შესაქმნელად ეს არ არის საკმარისი, რადგან მას ურანის 90%-მდე გამდიდრება ესაჭიროება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ირანის ამ ნაბიჯს ,,პროვოკაციული’’ უწოდა.
,,ჩვენ ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ ირანის ხელისუფლების ამ პროვოკაციულ განცხადებას, რომ მათ ურანის 60%-მდე გამდიდრება სურთ. ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და გერმანიის პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი და უნდა დავგმოთ იგი. თეირანის ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს ირანის დამოკიდებულებას ბირთვული მოლაპარაკებების მიმართ და არ შეესაბამება ერთიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პრინციპებს’’,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები შეაფერხა ირანის მთავარ ბირთვულ ქარხანა ნათანზზე რამდენიმე დღის წინ მომხდარმა თავდასხმამ, რომელშიც ირანის ხელისუფლება ისრაელს ადანაშაულებს.