მთავარისაქართველოკიდევ ერთი ახალი კლასტერი

კიდევ ერთი ახალი კლასტერი

“აი, ახლაც მომივიდა ინფორმაცია. ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ კიდევ ახალი კლასტერია“, – გვიყვება პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართული ბრიფინგის დასასრულს.

ახალი კლასტერი, რომელზეც პაატა იმნაძე საუბრობს, ამ დროისთვის უკვე მეცხრამეტეა.

აკრძალული ქორწილი, ქელეხი, დაბადების დღე;


ერთი ნაბიჯი თამადის სადღეგრძელოდან თეთრხალათიანებთან კოვიდკლინიკაში მოხვედრამდე და სიტყვა „საგანგაშო“, რომლითაც ეპიდემიოლოგები საქართველოში ეპიდვითარებას ახასიათებენ. სწორედ ასეთია 2021 წლის 13 აპრილი საქართველოში.

[br]”ახლა ჩვენ გვაქვს ისეთი ეპიდვითარება, როგორიც 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში გვქონდა. მაშინ სექტემბრის ბოლო კვირის განმავლობაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების მატება“, – ამბობს პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ეპიდემიოლოგები უკვე წელიწადზე მეტია, მოსახლეობას პირბადის სწორად გამოყენებისკენ მოუწოდებენ, თუმცა ქვეყანაში პირბადე ყველას მაინც არ უკეთია. ქვეყანაში სამედიცინო ნიღბის ტარების მაჩვენებელი 50%-ია. სანამ პირბადის ტარების მაჩვენებელი იკლებს, იზრდება რეინფიცირების შემთხვევები.

ამ დროისთვის საქართველოში ხელმეორედ 100-მდე ადამიანი დაინფიცირდა.

„სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც იზრდება რეინფიცირების შემთხვევები.  ზოგიერთს ჰგონია, თუ ერთხელ ინფექციას გადაიტანს, მეორედ აღარ დაემართება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. იმის გამო, რომ უკვე მუტაციებია და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, რეინფიცირების შემთხვევები თანდათან იზრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ეპიდემიოლოგების თქმით, ასი აცრილი ადამიანი ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. ამ ანგარიშით, დღეისათვის ქვეყანაში 220 გადარჩენილი სიცოცხლეა, რადგან 22 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა  ვაქცინა.

„ვაქცინების მოწოდება გაგრძელდება „კოვაქს“ პლატფორმიდან, ასევე პირდაპირ მომწოდებლებთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. ივნის-ივლისში დამატებით რაოდენობას ველოდებით და ვფიქრობთ, რომ ზაფხულში უფრო მეტად იქნება შესაძლებელი ფართო ჯგუფების მოცვა და ვაქცინაციის გაფართოება. თუმცა ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი ჯგუფების  ჩართულობა“, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსს 8000-მდე ადამიანი ებრძვის, მათგან 2485 კოვიდკლინიკებშია და ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend