ეპირუსის თეატრის გზა

საბერძნეთის ანტიკური თეატრებიდან 5 ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრი ეპირუსის რეგიონში მდებარეობს. აქედან ზოგი ძალიან ცნობილია, ზოგის არსებობის შესახებ კი ცოტამ იცის. ახალი პროექტი, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს, ამ არქიტექტურული საგანძურის აღდგენას და ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადაქცევას აპირებს.

ახალ ტურისტულ ქსელში შედის დოდონა, გიტანა, ამვრაკია, კასოპე და ნიკოპოლისის რომაული თეატრი. ეს პროექტი ინიცირების დღიდან ევროკავშირის  თანადაფინანსებით სარგებლობს.

არქიტექტურის ანტიკური ძეგლების აღდგენის გარდა, პროექტს სხვა ამბიციური მიზნებიც აქვს.

 
„ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ არქიტექტურული ძეგლი ნანგრევები უნდა იყოს, რომელიც უნდა დაათვალიერო. მაგრამ თეატრი და სოციალური ფაქტორი განუყრელია“, – ამბობს არქიტექტორი და ინჟინერი გეორგიოს სმირისი. „ანტიკური თეატრის გამოყენება განათლების მიზნითაც შეიძლება. აქ ადამიანებს შეუძლიათ, ერთმანეთს შეხვდნენ და ურთიერთობები დაამყარონ. ჩვენი მიზანია, ხალხმა არა მხოლოდ ნახოს ეს ძეგლები, არამედ გამოიყენოს კიდეც. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა.“

პროექტში, სახელწოდებით „ეპირუსის ანტიკური თეატრების კულტურის გზა“, 5 არქეოლოგიური ძეგლი შედის. ამ გზა 344 კილომეტრია და 2500 წლის ისტორიას მოგვითხრობს. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 24 მილიონი ევროა, რომლის 80 პროცენტსაც ევროკავშირი აფინანსებს.

ამ თეატრალური გზის მთავარი მიზანი არქეოლოგიით, ისტორიითა და ხელოვნებით გატაცებული ბერძენი და უცხოელი ინვესტორების მოზიდვაა.  ამ კონცეფციის მხარდასაჭერად უკვე შეიქმნა ბიზნესჯგუფი, რომელშიც სასტუმროები, რესტორნები, ტურისტული სააგენტოები და ადგილობრივი მწარმოებლები შედიან.

„ეს კულტურული გზა წარმატებული მაშინ იქნება, როდესაც ტურისტები ამ რეგიონის თანამედროვე, ყოველდღიური კულტურის გემოს გაიგებენ“, – ასე პროექტის მონიტორინგის კომიტეტის წევრი ნიკოს კარაბელასი ფიქრობს. „ტურისტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ჩვენი ზეითუნის ზეთი დააგემოვნონ, გასინჯონ ადგილობრივი მცენარეები, რომლებიც ეპირუსში გვხვდება და აქაური თაფლი. ერთი სიტყვით, ეპირუსის თბილი, განუმეორებელი სტუმარმასპინძლობის გემო გაიგონ.“

ეპირუსის რეგიონს ბევრის მოყოლა შეუძლია. აქ ნახავთ ისეთ ღირსშესანიშნაობებს,როგორებიცაა  ოსმალეთის იმპერიის დროინდელი იოანინას  ციხესიმაგრე და ვერცხლის ნაკეთობათა მუზეუმი. განახლებული ამფითეატრების სამყაროში შესულ ტურისტებს ეპირუსის თანამედროვე ხელოვნებითაც შეუძლიათ ტკბობა.

გეორგია კიცაკი, ეპირუსის განვითარების სააგენტოს ისტორიკოსი:

“კულტურული გზა ევროპულ და საერთაშორისო ტენდენციებსაც უწყობს ფეხს.. ტურისტებს, როგორც წესი, სრულყოფილი პროდუქტი სჭირდებათ. ჩამოსულებს უნიკალური შთაბეჭდილების მიღება სურთ. ეპირუსის ანტიკური თეატრები მხოლოდ დასაწყისია. ეს არის მოგზაურობა დროში, რომელიც  ეპირუსის მომხლიბლავი, მრავალფეროვანი აწმყოთი სრულდება.“

როდესაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შერბილდება, ეს რეგიონი სარეკლამო კამპანიის დაწყებას აპირებს,  რომ ტურისტები მოიზიდოს როგორც ევროპიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

ავტორები: აპოსტოლოს სტაიკოსი და კირილ ფორნერისი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend