მთავარისაქართველოპირველი ევროპელების შესახებ ჟურნალი Science-ი პუბლიკაციას აქვეყნებს

პირველი ევროპელების შესახებ ჟურნალი Science-ი პუბლიკაციას აქვეყნებს

სამეცნიერო ჟურნალ Science-ის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პირველ ევროპელებს – ზეზვასა და მზიაზე პრიმიტიული ტვინი ჰქონდათ. თუმცა ამის მიუხედავად, მათ შეეძლოთ ქვის იარაღის დამზადება, ახალ გარემო პირობებთან შეგუება, საკვების მოპოვება და ჯგუფის იმ წევრებზე ზრუნვა, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ. სტატიაში გაანალიზებულია აფრიკაში, აზიასა და დმანისში ნაპოვნი ადრეული Homo sapiens-ის ტვინის აგებულება.

ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის თქმით, ტვინის ნაშთები ნამარხებში არ არის შემორჩენილი.

„ამიტომ ხდება მათი რეკონსტრუქცია ანაბეჭდების მიხედვით და, პირველ რიგში, გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფიის ახალი მიღწევები. ციურიხის უნივერსიტეტში ჩატარდა ძირითადად ეს კვლევები, რომელმაც მოგვცა საშუალება, შეგვეხედა უკვე ტვინის ამ აგებულებაზე“, – განაცხადა ეროვნული მუზეუმის დირექტორმა „ევრონიუსთან“ საუბარში.

დავით ლორთქიფანიძის თქმით, დმანისის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დმანისელების ტვინი ძალიან პრიმიტიული იყო. პირველი ჰომინიდები გასცილდნენ აფრიკის საზღვრებს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჰომინიდებს ძალიან მცირე ზომის და პრიმიტიული აღნაგობის ტვინი ჰქონდათ.

კვლევის თანახმად, დმანისი ის ადგილია, სადაც აფრიკიდან ჰომინიდები პირველად გადმოსახლდნენ. აფრიკიდან პირველი მიგრაციის შემდეგ ჰომინიდებს თანამედროვე ადამიანის მსგავსი ტვინის აგებულება განუვითარდათ.

ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლების თქმით, ამას დმანისელი ჰომინიდების თავის ქალიდან აღებული ტვინის ანაბეჭდებიც ადასტურებს.


შუბლის ფორმის ჩამოყალიბების შემდეგ განსხვავებები თვალსაჩინოა. სწორედ ტვინის ეს უბანია პასუხისმგებელი სოციალურ ცნობიერებაზე, მეტყველებაზე, თვითკონტროლზე, ყურადღებაზე, ზნეობასა და სხვა ფსიქიკურ პროცესებზე.

კვლევამ აჩვენა, რომ როგორც აფრიკის, ისე დმანისის ტერიტორიაზე მცხოვრები ადრეული Homo-ს ტვინი ინარჩუნებს პრიმიტიულ, ადამიანის მსგავსი მაიმუნების შუბლის წილს.

ხოლო გვიანდელ აფრიკელ Homo-ს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელ Homo erectus-ს ბევრად უფრო განვითრებული, თანამედროვე ადამიანის მსგავსი ტვინის აგებულება ჰქონდა.

ევოლუციურად როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა ადამიანის ტვინი – სწორედ ეს არის ნეირომეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი კვლევის საგანი.

„ნეირომეცნიერები ფართოდ იკვლევენ, თუ როგორ ხდება ადამიანის ტვინის განვითარება ჩანასახიდან ზრდასრულ ადამიანამდე“, – ამბობს ნეირომეცნიერი ზაალ კოკაია.
ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, რომ ამ კვლევამ საშუალება მისცა, დაენახათ, როგორ ვითარდება ტვინი მილიონობით წლის განმავლობაში.

„ეს ახალ ფურცელს შლის ნეირომეცნიერებისთვის ტვინისა და ტვინის ქერქის ცოდნის განვითარების დარგში“, – ამბობს ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი.

დმანისის აღმოჩენები კვლავ ხვდება მსოფლიო მეცნიერების ეპიცენტრში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კი დმანისის ნამარხები ახალი, დიდი სამეცნიერო აღმოჩენების შესაძლებლობებს იძლევა.


თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend