მთავარი ამბები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის რესურსის ეფექტიან გამოყენების მიზნით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნა...

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის რესურსის ეფექტიან გამოყენების მიზნით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის რესურსის ეფექტიან გამოყენების მიზნით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა 13 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. წილოსანმა აგრარულ სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

„პირველი და უმთავრესი სექტორის განვითარებისთვის მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდაა და ამ იდეის ფარგლებში მთავრობის და პრემიერის გადაწყვეტილებით გაფართოვდა პროგრამა, რომელიც უკვე სახნავი და სათიბი მიწების პრივატიზების საშუალებას იძლევა. ეს ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ინვესტირება, დაისაკუთრონ მიწები და ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში. ამ სახით, კერძო საკუთრებაში 11 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადავა და შესაბამისად, ბიუჯეტში 100 მილიონ ლარზე მეტი  იქნება მობილიზებული და ამ თანხის მიწა სასოფლო აქტივობაში ჩაერთვება. აქვე მინდა დავაანონსო, რომ ვგეგმავთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის რესურსის ეფექტიან გამოყენებაზე სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა დაკავშირებული მხარეების ჩართვას ვფიქრობთ, რათა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სახნავ-სათიბი მიწები, საძოვრები და გადასარეკი ტრასები რაც შეიძლება მოკლე ვადაში იდენტიფიცირდეს და ჩაერთოს ეკონომიკურ საქმიანობაში.
ასევე მინდა გაგიზიაროთ საქართველოში აგრო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და იმ დაშვებით, რომ ვაქცინაციის პროცესის სათანადო ჩატარებით და ჩვენი თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის მეშვეობით, დასრულდება პანდემია და ტურიზმის სექტორი ბოლოს და ბოლოს დაუბრუნდეს იმ აქტივობის მაჩვენებელს, რითიც ვამაყობდით. ამ პერიოდისთვის კი აგრო ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოში კარგი ინფრასტრუქტურა იქნება შექმნილი და ფერმერებს მიეცეთ შესაძლებლობა თავიანთი წარმოებული და მოწეული პროდუქტი ჩაუშვან აგრო ტურიზმის სექტორში და ტურისტულ ობიექტებში“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში დღემდე  რჩება აუთვისებელი და დაუმუშავებელი ადგილები, რაც მყისიერ და ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend