მთავარი აზია ირანი ატომურ ობიექტზე მომხდარი ინციდენტი ირანმა ბირთვულ ტერორიზმად შეაფასა

ატომურ ობიექტზე მომხდარი ინციდენტი ირანმა ბირთვულ ტერორიზმად შეაფასა

ნათანზის ატომურ ობიექტზე განხორციელებული თავდასხმა ირანმა, როგორც ბირთვული ტერორიზმი, ისე შეაფასა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც წინა დღით ურანის განახლებული ცენტრიფუგები შემოიტანეს, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ურანის გამდიდრების პროგრამაში.

სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში ირანის ატომური ორგანიზაციის ხელმძღვანელს პირდაპირ არავინ დაუდანაშაულებია და მომხდარზე არც არავის აუღია პასუხისმგებლობა. თუმცა ეჭვი აქვთ ისრაელის ხელისუფლებაზე, რადგან ისრაელის მედიაში მუდმივად საუბრობდნენ ქვეყნის მიერ ორგანიზებულ კიბერთავდასხმაზე.

ნათანზის ატომური ობიექტი ადრეც გამხდარა საბოტაჟის სამიზნე.

„სტუქსნეტის“ კომპიუტერულმა ვირუსმა, რომელიც 2010 წელს აღმოაჩინეს და რომელიც, სავარაუდოდ, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი პროექტია, ერთხელ მთლიანად შეაჩერა და მწყობრიდან გამოიყვანა ნათანზის დაწესებულების  ცენტრიფუგები. ეს სწორედ იმ დროს  მოხდა, როდესაც დასავლეთი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა.

 

ინციდენტმა რეგიონში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა გამოიწვია, რამდენადაც თეირანი აგრძელებს 2015 წლის იმ ბირთვული შეთანხმების გადარჩენას, რომელიც 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა.

უახლესი

სხვა ამბები