მთავარიგადაცემებიSmart Regionsპროექტი „ადრინეტი“

პროექტი „ადრინეტი“

იტალიის აპულიას რეგიონის საპორტო ქალაქ კასტროში ზღვა შრომის სინონიმია. მაგრამ აქ სათევზაო ბადეს ძველებურად ბევრი თევზი აღარ მოჰყვება. ზღვის წყლის ტემპერატურის მატებასა და განუკითხავი თევზჭერის პრობლემებს კიდევ ერთი დაემატა: პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურება. ეს პრობლემა ზღვაში დაკარგულ სათევზაო ბადეებსაც გულისხმობს, რომლებიც ადრიატიკის ზღვის ფსკერზე უხვად ყრია.

ევროკავშირის პროექტი Adrinet-ი ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს, რადგან ის წვრილ თევზებსა და ზღვის ფლორას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. პროექტში პროფესიონალი მეთევზეები და მყვინთავები მონაწილეობენ.

 
ანტონიო სკიფანო, მეთევზე:

„ეს ძველი სათევზაო ბადეები ფსკერიდან ამოვიღე, რადგან სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ბადე ზღვის ფსკერს აბინძურებს. ეს ყველასთვის ცუდია, ჩვენთვის, მეთევზეებისთვისაც, და სხვა ხალხისთვისაც, რადგან იმ თევზს მივირთმევთ, რომელიც ამ ბადეების პლასტმასის ნარჩენებით იკვებება.“

იტალია „ადრინეტის“ პროექტის კოორდინატორი ქვეყანაა. პროექტში ალბანეთი და მონტენეგროც მონაწილეობენ, რომლებსაც ევროკავშირში სურთ გაწევრიანება.

ეს სამი ქვეყანა ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე დგას, რომელსაც ზღვის ეკოსისტემის მოვლა-პატრონობა და რისკების მართვა ჰქვია.

Adrinet-ის საერთო ბიუჯეტი ერთი მილიონი ევროა, რომლის 85 პროცენტსაც ევროპის რეგიონული განვითარების  პროგრამა აფინანსებს, დანარჩენ 15 პროცენტს კი სამივე მონაწილე ქვეყანა ფარავს.

Adrinet-ის  ფარგლებში მეთევზეებს უახლეს ტექნოლოგიებსა და მეცნიერულ უნარ-ჩვევებს ასწავლიან. 180 მეთევზე უკვე გადაამზადეს, მათ შორის კასტროს პორტის მეთევზეებიც არიან.

სათევზაო ბადეებზე ამაგრებენ მიკროჩიპებს, რომლებსაც რადიოსიხშირის სისტემა მართავს. თუ ბადე დაიკარგა, ეს სისტემა დაკარგულს სწრაფად პოულობს.

ელიზაბეტა ბონერბა, პროექტ Adrinet-ის  ხელმძღვანელი:

„ამ ბადის მიკვლევადობა საშუალებას გვაძლევს, რომ მეთევზემ ბადეზე პასუხისმგებლობა იგრძნოს და არ დაკარგოს. დაკარგვის შემთხვევაში კი, ამ სისტემის წყალობით, კომპეტენტური სამსახური ნებისმიერი დაკარგული ბადის პატრონს ადვილად პოულობს.“

Adrinet-ის მსგავსი პროექტები ძალიან მოსწონს იტალიის სანაპირო დაცვას, რადგან ამ სამსახურის მოვალეობაში ზღვაში დაკარგული ბადეების პოვნაც შედის.  ეს სამსახური ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკარგული ბადეების რუკის შედგენაზე მუშაობს. ერთი წლის განმავლობაში სანაპირო დაცვამ 6 ტონა ჩაძირული ბადე ამოიღო.

პეტრო ვიჩედომინი, სანაპირო დაცვის მეთაური:

„ჩვენ გამოვთვალეთ, რომ ზღვის ფსკერზე ჩარჩენილი 6 ტონა პლასტმასის ბადე 200 ათას პლატმასის ბოთლს უდრის. ხშირად სწორედ მეთევზეები გვაძლევენ კოორდინატებს, სად შეიძლება დაკარგული ბადის პოვნა.“

ამჟამად  Adrinet-ის  პროექტში ჩართულ სამივე ქვეყანაში ზღვის ფსეკრი 32-ზე მეტი  სხვადასხვა მეთოდით იწმინდება.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend