მთავარიგადაცემებიანგოლაოკავანგოს დელტის წყალუხვობის საიდუმლო

ოკავანგოს დელტის წყალუხვობის საიდუმლო

ანგოლის შეუსწავლელი  მდინარის სანახების დასათვალიერებლად დაწყებული თავგადასავალი  ჭაობის კვლევისა და დაცვის ექვსწლიან მისიაში გადაიზარდა. National Geographic-ის  მეცნიერთა და ფილმის გადამღებთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ანგოლაში ის მდინარეები მოევლო, რომლებიც ბოტსვანას სახელგანთქმულ ოკავანგოს დელტას წყლით ამარაგებს. ეს ტერიტორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდერობის ნუსხაში შედის.

National Geographic-ის  „ოკავანგოს ველური ბუნების პროექტის“ გუნდმა  ათასობით კოლომეტრი გაირა ანგოლის მდინარეებზე. აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ხელუხლებელი ჭაობებია, რომელთა ფართობიც ინგლისს აღემატება.


სტივ ბოიესი, National Geographic-ის „ოკავანგოს ველური ბუნების პროექტის“ ხელმძღვანელი:

“თავიდან მხოლოდ ერთი მიზანი გვქონდა, რამე გაგვეგო და აღმოგვეჩინა, რაც საკმაოდ კარგად გამოგვივიდა.  დაახლოებით 30  ახალი სახეობა შევმატეთ მეცნიერებას. კიდევ ასობით ისეთი სახეობა ვიპოვეთ, რომლებიც, არც ვიცოდით, რომ ამ ადგილებში ბინადრობდნენ.“

ბიომრავალფეროვნების  კვლევითმა ჯგუფმა რეგიონი სამეცნიერო კუთხით უკეთ წარმოაჩინა.

კერლენ კოსტა, National Geographic-ის „ოკავანგოს ველური ბუნების პროექტის“  ადგილობრივი წარმომადგენელი:

„ ანგოლის გამოკვლევა და მეცნიერული დოკუმენტაციის შედგენა – ეს ჩემთვის ახდენილი სიზმარია, სხვას ვერაფერს ვუწოდებ.“

ჯგუფმა ფარული კამერები დადგა, რომელთაც გადაშენების პირას მისული სახეობები დააფიქსირეს, როგორებიცაა ლომი, ავაზა, ჯიქი და აფრიკული ველური ძაღლი.

პირველ ექსპედიციის წევრებს ეგონათ, ჩვეულებრივ მდინარეზე მიდიოდნენ, ხელთ კი   ჭაობი შერჩათ, რაც დიდი მეცნიერული აღმოჩენა იყო. 2015 წლის ექსპედიციის ჯგუფმა ჭანჭრობი იპოვა და ტორფი აღმოაჩინა, რომელსაც ნახევრად გახრწნილი მცენარეები ქმნიან.

სტივ ბოიესი, National Geographic-ის „ოკავანგოს ველური ბუნების პროექტის“ ხელმძღვანელი:

„ჩვენ აღმოვაჩინეთ ტორფნარი, რომელიც 35-დან 40 ათას კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს აფრიკაში სიდიდით მეორე ტორფნარია. ეს არის გიგანტური ღრუბელი, რომელიც ამ მდინარეებს წყლით ამარაგებს.“

ტორფი თავის წონაზე ათჯერ მეტ წყალს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად გვალვიანი წელიც რომ დადგეს, ოკავანგოს აუზში წყალი არ დაშრება. ტორფი ატმოსფეროდან ჭარბ ნახშირორჟანგსაც შთანთქავს, რაც კლიმატის ცვლილებაზე დადებითად აისახება.

სტივ ბოიესი, National Geographic-ის „ოკავანგოს ველური ბუნების პროექტის“ ხელმძღვანელი:

„აქაური ლანდშაფტის შესახებ გაკეთებულმა აღმოჩენებმა, რაც მანამდე არავინ იცოდა, საშუალება მოგვცა, დაცული ტერიტორიების ათვისების ახალი შესაძლებლობები გვეპოვა.“

ყოველ წელს ანგოლა ბოტსვანას ოკავანგოს დელტაში დასახლებულ ათასობით ადამიანსა და ველურ ბუნებას ორტრილიონ-ნახევარი ლიტრი ანკარა წყლით ამარაგებს. მაგრამ ის მდინარეები, რომლებიც  ანგოლის  წყლამომარაგებას უზრუნველყოფენ, არც კომერციული საქმიანობისაგან არიან დაცული, არც ბრაკონიერობისა და ტყის გაჩეხისგან.

ამ პროექტის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა, რათა ჭაობი დაიცვას და დაეხმაროს ანგოლას, რომ წყლის რესურსის სიკეთით ისე ისარგებლოს,  ბუნებას ზიანი არ მიადგეს.

კერლენ კოსტა, National Geographic-ის „ოკავანგოს ველური ბუნების პროექტის“  ადგილობრივი წარმომადგენელი:

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, რადგან სწორედ ასე შეგვიძლია ამ ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და გარემოს დაცვა.“

ამ პროექტის ფარგლებში ეკოსისტემის დასაცავად გაწეულმა შრომამ სამხრეთ-აღმოასვლეთი აფრიკის გლობალური მნიშვნელობა წარმოაჩინა.

ანგოლის მოსახლეობას გულში იმედი ჩაესახა, რომ ბუნების დაცვისა და მდგრადი ეკონომიკის სტანდარტების დანერგვის შედეგად, ერთ მშვენიერ დღეს აფრიკის ველური ბუნების  მარგალიტები ისევ დაბრუნდებიან ანგოლის მიწაზე.

ავტორი: კაია ენსორი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend