მთავარი ევროპა ესპანეთი ესპანეთში საცდელ რეჟიმში ოთხდღიანი სამუშაო კვირის დანერგვა იგეგმება

ესპანეთში საცდელ რეჟიმში ოთხდღიანი სამუშაო კვირის დანერგვა იგეგმება

ესპანეთში საცდელ რეჟიმში ოთხდღიანი სამუშაო კვირის დანერგვა იგეგმება. ინიციატივის ავტორების თქმით, ამ გზით ადამიანებს მეტი დრო ექნებათ, რომ თავისუფალი დრო უფრო აზრიანად გამოიყენონ. კვლევების თანახმად, ესპანეთის მოსახლეობის ნახევარი კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს. ექსპერტების თქმით, პანდემიის პერიოდში ადამიანებს სამუშაო საათები დაემატათ.

ალბა მიმტანია მადრიდის რესტორანში. იგი კვირაში ოთხ დღეს მუშაობს. მას მასწავლებლობა სურს,  მოკლე სამუშაო გრაფიკის გამო მას სამეცადინოდაც რჩება დრო.

„ეს მაძლევს საშუალებას, მქონდეს მეტი თავისუფალი დრო. კვირის დასასრულს ორის ნაცვლად სამი დღე ვისვენებ.“ – ამბობს ალბა ჰერერო.

პანდემიისას გამოცხადებული პირველი კარანტინის დროს რესტორნის მეპატრონეებმა 32-საათიანი სამუშაო გრაფიკის შემოღება გადაწყვიტეს, რათა შვილებთან დროის გასატარებლად მეტი დრო ჰქონოდათ. ამის შემდეგ ისინი დარწმუნდნენ, რომ ცხოვრებასა და მუშაობას შორის ბალანსის დაცვაა აუცილებელი.

„პირადიც და ოჯახური ცხოვრებაც ეკონომიკის ნაწილია. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ და ეს საკითხი წინ უნდა წამოვწიოთ.“ – ამბობს რესტორნის მეპატრონე მარია ალვარესი.

ალბამ სამუშაო გრაფიკი გადააწყო და შეკვეთების მიღება აპლიკაცია „ვოთს აპის“ საშუალებით დაიწყო, რამაც მას შესაძლებლობა მისცა, ნაკლები დრო დაეხარჯა მუშაობაში ისე, რომ ეს მის ხელფასზე არ ასახულიყო.

ოთხდღიანი სამუშაო კვირის ექსპერიმენტი მალე მთელ ესპანეთში დაიწყება. ინიციატივის ავტორი პარტია „მას პაისია“. მათი აზრით, ამ გზით ადამიანები  უფრო აზრიანად გაატარებენ ცხოვრებას.

„ადამიანი თავისუფალი ვერ იქნება, თუ მას თავისუფალი დრო არ აქვს. ჩვენ ისეთი ცხოვრების სტილი გვაქვს, რომ დრო არ გვრჩება არაფრისთვის. ყოველდღე დავდივართ სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან სახლში. შაბათ-კვირა კი საყიდლებზე მივდივართ. ყოველ ორშაბათს ასე მეორდება. ამას ცხოვრება არ ჰქვია.“ – პარტია „მას პაისის“ წარმომადგენელი ინიგო ერეხონი.

ოთხდღიანი სამუშაო კვირა ასევე კარგია გარემოსთვის. ნაკლები გადაადგილება ნაკლებ დაბინძურებას ნიშნავს.

ესპანეთის მოსახლეობის ნახევარი კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს. მთავრობის თქმით, პირველ რიგში, საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანებს დღეში 8 საათზე მეტი მუშაობა არ უწევდეთ.

პანდემიის დროს ადამიანებმა სამუშაოდ ოფისებიდან სახლებში გადაინაცვლეს. შედეგად სამუშაო გრაფიკი უფრო მოხერხებული გახდა. თუმცა, ექსპერტების თქმით, დისტანციური მუშაობის შედეგად ადამიანებს სამუშაო საათები გაეზარდათ.

იმ შემთხვევაში, თუ სატესტო რეჟიმმა გაამართლა, ესპანეთი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ოთხდღიანი სამუშაო კვირა დაინერგება.

 

უახლესი

სხვა ამბები