მთავარისაქართველოკლასიკური მუსიკის დაბრუნება

კლასიკური მუსიკის დაბრუნება

შეზღუდული რაოდენობის აუდიტორია, სავალდებულო თერმოსკრინინგი და დაწესებული დისტანცია – ეს 2021 წლის გაზაფხულის კლასიკური მუსიკის განახლებული კონცერტების აუცილებელი პირობებია.

კონცერტს კი გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში მართავს.

კონცერტის სოლისტი, პიანისტი გიორგი გიგაშვილი ამბობს, რომ ერთწლიანი ლოდინის შემდეგ სცენაზე დაბრუნებისას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს.

„თითქმის ერთი წლის შემდეგ მაყურებლის წინაშე პირველად მომიწევს ამ უდიდესი კონცერტის ჩატარება. ორკესტრის წევრები უნიჭიერესი ახალგაზრდები არიან, რომლებთანაც პირველად მაქვს შეხება. ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ ისინი თითქმის ჩემი ასაკის არიან, ცოტა დიდებიც. მაგრამ ნაწარმოებში ყოველთვის იგრძნობა ახალგაზრდული სული”, – აღნიშნა პიანისტმა „ევრონიუსთან“ საუბარში.

ახალგაზრდული ორკესტრი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის ბეთჰოვენისა და მოცარტის ნაწარმოებებს შეასრულებს.

მონატრებულ მსმენელს შეხვდება პოლონეთიდან ჩამოსული გდანსკის ბალტიური ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი, მაესტრო გოგი ჭიჭინაძე.

„ძალიან ემოციური შეხვედრა არის ჩემთვის, იმიტომ, რომ ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ ამ თანამშრომლობით. აღფრთოვანებული ვარ ამ ორკესტრის დონით. მე ვთვლი, არაჩვეულებრივი საქმე გაკეთდა, ეს ორკესტრი რომ არსებობს“, – ამბობს დირიჟორი.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო საკონცერტო დარბაზები ერთ წელზე მეტხანს იყო დაკეტილი, მაგრამ თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ამ პერიოდში მსმენელის გახალისებას ვირტუალურად ცდილობდა.

ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე აღნიშნავს, რომ ორკესტრს 2020 წელს მუშაობა არ შეუწყვეტია.

„ამ პირობებში, ჩაკეტილობასა და პანდემიაში, ჩვენ მოგვიწვია ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წლისთავის აღნიშვნა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ ორკესტრის მესამე სეზონს ვხსნით მაყურებელთან ერთად“, – ამბობს თიკა რუხაძე.

მონატრებულ სცენაზე ასვლისთვის კი მუსიკოსები საგანგებოდ ემზადებიან. სულ ცოტა ხანში ისინი კვლავ ცოცხალი შესრულებით წარდგებიან მსმენელთა წინაშე.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend