იორდანიაში ნელ-ნელა ვითარება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. გასულ კვირას მთელი ქვეყნის მოსახლეობა ყურადღებით აკვირდებოდა სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენებს.
მეფე აბდულას ნახევარძმამ, პრინცმა ჰამზამ, სამეფოს მმართველი წრეები კორუფციასა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშუალა. ეს ქმედება შეფასებულ იქნა, როგორც დესტაბლიზაციისა და აჯანყების გამოწვევის მცდელობა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ქვეყნის ერთ-ერთი ძლიერი თემის 18 წევრი.
მეფე აბდულა თავის საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ქვეყანას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესტუმრა. გასულ კვირას მთელი იორდანია შეძრა სამეფოს დესტაბილიზაციისა და შეთქმულების მცდელობამ. ამ შეთქმულებაში მეფე აბდულას ნახევარძმა პრინცი ჰამზა მონაწილეობდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით იორდანიის ტელევიზიით გაკეთებული პირველი კომენტარისას მეფე აბდულამ აღნიშნა, რომ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები აღმაშფოთებელი და მტკივნეული იყო. ქვეყნის მოსახლეობის დასამშვიდებლად მეფე აბდულამ განაცხადა, რომ დესტაბილიზაცია და აჯანყება დასაწყისშივე აღმოიფხვრა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრინცი ჰამზა თავის ოჯახთან ერთად მისი მეთვალყურეობის ქვეშ სასახლეში იმყოფება.
გასულ შაბათს პრინცმა ჰამზამ რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომლებშიც აღნიშნავდა, რომ იგი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ჰამზამ ხელი მოაწერა წერილს, რომლის მიხედვით, ის ადასტურებს თავის ერთგულებას მეფე აბდულას მიმართ.
თუმცა მანამდე ჰამზამ მმართველი წრეები კორუფციასა და სამეფოს არასწორ მართვაში დაადანაშაულა. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი თემის 18 წევრი. მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
მეფე აბდულამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა აკრძალეს სამეფო დავის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გაჟღერება. პრინცი ჰამზა კი საზოგადოებაში ჯერჯერობით არ გამოჩენილა.