მთავარიკუბიევროპის წამლის სააგენტო: „თრომბის წარმოქმნა AstraZeneca-ს „ძალიან იშვიათ“ გვერდით მოვლენებს შორის უნდა...

ევროპის წამლის სააგენტო: „თრომბის წარმოქმნა AstraZeneca-ს „ძალიან იშვიათ“ გვერდით მოვლენებს შორის უნდა ჩაიწეროს“

ევროპის წამლის სააგენტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ იპოვეს „შესაძლო კავშირი“ AstraZeneca-ს ვაქცინასა და სისხლის შედედების პრობლემების ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის, თუმცა სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ვაქცინის სარგებელი შესაძლო რისკებს კვლავ აჭარბებს.

განხილვის დროს სააგენტომ გააანალიზა თრომბის წარმოქმნის 86 შემთხვევა, რომლიდანაც 18 ფატალურად დასრულდა.

 
შემთხვევების უმეტესობა 60 წლამდე ქალებში გამოვლინდა, თუმცა საბჭოს არ დაუდგენია, რომ სქესი ან ასაკი ამ გართულებების რისკფაქტორს წარმოადგენს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინირებულმა ადამიანებმა და ექიმებმა იცოდნენ იმ ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, რომლებიც ასეთი იშვიათი გართულების დროს ვლინება, რათა შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ მიიღონ.

ამ დრომდე ევროპის წამლის სააგენტოში აცხადებდნენ, რომ მათ თრომბსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის კავშირის მტკიცებულება არ ჰქონდათ, თუმცა არც მისი გამორიცხვა შეეძლოთ.

სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მაგალითად, დანიამ და ნორვეგიამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში კი ის მხოლოდ გარკვეული ასაკის პირებში, მაგალითად, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებშია დაშვებული.

ევროპის წამლის სააგენტოს დირექტორი ემრე კუკი აცხადებს, რომ მიუხედავად შესაძლო კავშირის გამოვლენისა, კორონავირუსით გარდაცვალების რისკი ბევრად აჭარბებს ფატალური გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტმა ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში სასურველია, რომ 30 წლამდე ადამიანებს AstraZeneca-ს ნაცვლად კორონავირუსის ალტერნატიული ვაქცინა შესთავაზონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend