მთავარი საქართველო „ფხიზლად ყოფნასა და ძილს შორის"

„ფხიზლად ყოფნასა და ძილს შორის”

გურამ დოჩანაშვილი ქართველმა ხალხმა 6 აპრილს უკანასკნელ გზაზე გააცილა. 82 წლის მწერალი 3 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამების საკათედრო ტაძარში მის სამოქალაქო პანაშვიდს უამრავი მკითხველი ესწრებოდა. გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი “სამოსელი პირველია”, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ დაიწერა და არაერთ ენაზე ითარგმნა. სასკოლო პროგრამაშია შესული მისი მოთხრობა “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”.

სამების ტაძარში გურამ დოჩანაშვილს დაემშვიდობნენ… აქ მისი შემოქმედების უამრავი თაყვანისმცემელი შეიკრიბა. ციტატები მისი რომანებიდან, მოარულ ფრაზებად იქცა და მათ, ვინც მასთან დასამშვიდობებლად მოვიდა ტაძარში, სჯერათ რომ დედამიწას სწორედ სიყვარული ატრიალებს.

 
“გურამ დოჩანაშვილი ის მწერალია, რომელმაც ბავშვობაში შემაყვარა ლიტერატურა, შემაყვარა წიგნები და ადამიანები” – ამბობს მკითხველი გიორგი არაბული, რომელიც მწერლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

“სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც პირველად გავეცანი მის შემოქმედებას. პირველი იყო “თავფარავნელი ჭაბუკი”, პატარა მოთხრობა. შემდეგ უკვე “ორნი აქა-იქ” წავიკითხე და ძალიან მომეწონა. მას განსაკუთრებული წერის სტილი ჰქონდა. ყველაზე მეტად “სამოსელი პირველი” მიყვარს. მყავს საყვარელი პერსონაჟები” – ამბობს ანანო ხიზანიშვილი, რომელიც გურამ დოჩანაშვილის მკითხველია.

ამბობდა, რომ ადამიანის ბოლო სიკვდილია, რომლის გარეშეც, დედამიწაზე სიკეთე და ბოროტება ვერ იარსებებს.

“საქართველოში მწერლობით გააკვირვო მკითხველი – პოეზიით ან პროზით, ძალიან ძნელია. იმიტომ, რომ ეს რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქვეყანაა. გურამ დოჩანაშვილმა ეს შეძლო” – ამბობს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია, რომელიც გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

“მე იშვიათად მინახავს ასეთი სინათლის მწერალი. მას თავად აქვს ერთ-ერთ ნაწარმოებში ნათქვამი, რომ “ადამიანი ადამიანისთვის დღე არის”. გურამმა ეს კარი გახსნა, კარები მზისკენ და ნამდვილად დღე იყო ის და მისი წიგნების წაკითხვა თითოეული ჩვენგანისთვის”- ამბობს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი.

არავის ედრებოდა – ამბობდა: “ვისაც არ უნდა შეედარო, მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე”. იგივე იყო…

“გურამ დოჩანაშვილმა ჩვენ ყველას დაგვანახა ის წამი, რომელიც არსებობს დაძინებასა და ფხიზლად ყოფნას შორის. სადაც ყველას შეგვიძლია, რომ ჩვენი თავი ამოვიცნოთ. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ მანამდე გვეძინება ხოლმე, სანამ ამ წამს დავაკვირდებით. ეგებ მისი გარდაცვალების შემდეგ მაინც შევძლოთ ეს” – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე.

“გურამ დოჩანაშვილი თავად მიგვიძღოდა თავის შემოქმედებაში. მას უნდა მიჰყოლოდი, ისე უნდა წაგეკითხა. შესაძლოა ჯერ კიდევ ნაწილობრივ გვქონდეს გააზრებულ მისი შემოქმედება. შეიძლება გვქონდეს წაკითხული „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, თუმცა სიღრმისეულად ისევ არ გვქონდეს გააზრებული ყველაფერი“ – ამბობს მწერალი ტარიელ ხარხელაური.

როცა ტაძრიდან გმოასვენეს ტაშმა იხუვლა… ასე გამოხატა ხალხმა უდიდესი სიყვარული განსაკუთრებული ოსტატის მიმართ. სიყვარული და განუზომელი მადლიერება, თითოეული სტრიქონის გამო…

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

გურამ დოჩანაშვილიგურამ დოჩანაშვილი