მთავარისაქართველოფონდი, რომელიც დაჭრილ მებრძოლებს ეხმარება

ფონდი, რომელიც დაჭრილ მებრძოლებს ეხმარება

„დღეს ჩვენი ვალია, მხარში დავუდგეთ მათ, ვინც მძიმე ფიზიკური და მორალური ტრავმა მიიღო ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში“ – სწორედ ეს არის „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მთავარი მესიჯი.

ფონდი, რომელიც 2018 წლის ივლისში შეიქმნა, ყოველდღიურად ეხმარება დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს.

საქმიანობა არც პანდემიის დროს შეუჩერებიათ.

ბოლო სამი თვის განმავლობაში  დააფინანსეს  სამედიცინო კვლევები, დაჭრილ მებრძოლთა საცხოვრებელი გარემოს ადაპტაციის საკითხები და არასრულწლოვანი შვილების საჭიროებები.

ბოლო პერიოდში ავსტრიასა და თურქეთში 4 ურთულესი ოპერაცია სამხედროებს სრულად დაუფინანსა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა.

„რომ გავიარე, ჩემს თავს ვეკითხებოდი, ნეტავი ეს სიმართლეა?“ – ამბობს  ჯარისკაცი ზაურ კომახიძე.

სიმართლე აღმოჩნდა და 13 დღის წინ, 28 წლის ზაურ კომახიძემ, რომელიც ორი წლის განმავლობაში პარალიზებული იყო, პირველად გაიარა.

როგორც ამბობს, მას შემდეგ აღარც გაჩერებულა და განსაკუთრებით მოსწონს, როდესაც საკუთარ თავს სარკეში ფეხზე დამდგარს ხედავს.

ზაურ კომახიძე 2017 წელს ავღანეთში ააფეთქეს, რის შემდეგადაც ხერხემალი დაუზიანდა.

მას შემდეგ იყო ორი უშედეგო ოპერაცია და 2021 წლის 23 მარტი, როცა თურქეთში მესამედ გაუკეთეს ოპერაცია და  ზაურს ნანატრი ოცნება აუსრულდა.

„გასაოცარი ჩემთვისაც იყო. ვიცოდი, რომ ვერ დავდიოდი, ვერ ვდგებოდი ფეხზე და არ ველოდი, რომ ოპერაციის მეორე დღესვე ფეხზე დავდგებოდი. სრულიად წარმოუდგენელი მეგონა… ეს იყო ჩემთვის საოცრებასავით“, – ამბობს ჯარისკაცი  ზაურ კომახიძე.

ზაურ კომახიძის მსგავსად, ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის კურსს გადის 32 წლის გოგიტა ხოზრევანიძეც, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს საჰაერო დაბომბვის შედეგად ქუსლში დაიჭრა. მას ოპერაცია ავსტრიაში ჩაუტარდა.

„პრობლემა მქონდა, არ მიხორცდებოდა ფეხი. ოპერაციის შემდეგ აღარ მაქვს ტკივილები, ეს  დიდი შვება და დიდი სიხარულია. მოძრაობაშიც შეზღუდვა აღარ მაქვს“, – გვეუბნება ჯარისკაცი გოგიტა ხოზრევანიძე.

ზაურ კომახიძე და  გოგიტა ხოზრევანიძე იმ 150 დაჭრილ ჯარისკაცს შორის არიან, რომელთაც „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დაეხმარა და ოპერაცია სრულად დაუფინანსა.

ფონდის მიზანი იმ დაშავებული მებრძოლების დახმარებაა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ პირველი და მეორე ჯგუფის ანუ ყველაზე მძიმე ვეტერანებსა და საშუალოდ ან მძიმედ დაშავებულ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს ეხმარება.

დახმარება კი, სამედიცინო საჭიროებების გარდა, მათთვის საცხოვრებელი ფართის ადაპტაციაში, პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსების დაფინანსებასა და დაჭრილთა არასრულწლოვანი შვილების დახმარებაშიც გამოიხატება.

„ყველა ქვეყანას არ გააჩნია ასეთი ფუფუნება. ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორის წარმომადგენლები, ბიზნესმენთა ჯგუფები, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები სწირავენ გარკვეულ თანხას, რათა ჩვენს დაჭრილ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც მართლაც სერიოზული მსხვერპლი გაიღეს ქვეყნის დასაცავად, საკუთარი თანადგომა გამოუცხადონ“, – აღნიშნა  ბუბა ლომუაშვილმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა.

გარდა იმისა, რომ კომპანია „სილქნეტი“ ფინანსურად ეხმარება „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდს“, ასევე აქტიურად ეწევა ფონდის პოპულარიზაციას და საზოგადოებას დაჭრილი მებრძოლების დახმარებისკენ მოუწოდებს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ფონდის მიერ შეგროვებული თანხა ყოველწლიურად იზრდება.

„ნებისმიერი ადამიანის დახმარება, არ აქვს მნიშვნელობა, ერთი ლარი იქნება თუ 100 ლარი, დამოკიდებულების გამოხატვაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოსთვის.

ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მათ დახმარებას ვახერხებთ.

მხოლოდ ჩვენი ოჯახებისთვის არ ვცხოვრობთ, ჩვენ ამ ადამიანებისთვისაც ძალიან ცოტა, მაგრამ რაღაც სიკეთის გაკეთება მაინც შეგვიძლია. ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საქართველოს მთლიანობისთვის იბრძოდნენ, მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით“, – ამბობს დავით მამულაიშვილი, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალური დირექტორი.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ ვეტერანებთან და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მომავლისათვის უფრო დიდი გეგმები აქვს.

მანამდე კი ის დაჭრილი სამხედროები, რომელთაც ფონდი უკვე დაეხმარა, რეაბილიტაციის კურსს გადიან და ყოველდღიურად ახალ სიმაღლეებს იპყრობენ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend