აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლებამ რეგიონში ახალი საინფორმაციო ომი გააჩაღა. ყარაბაღის კონფლიქტის პარალელურად, საქართველოში სოციალურ და ონლაინმედიაში გააქტიურდა ანტიდასავლური რიტორიკა და დეზინფორმაციული ონლაინკამპანიები.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სხვადასხვა მედიასაშუალებამ ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობისთვის გამოიყენა. შესაბამისად, გააქტიურდა ქსენოფობიური ონლაინდისკურსიც. ასეთ დასკვნამდე „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მედიის ორთვიანი მონიტორინგის შემდეგ მივიდა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) მედიამონიტორინგის ფარგლებში განაგრძობს მთიანი ყარაბაღის გარშემო ეთნონაციონალისტურ ნიადაგზე გავრცელებული დეზინფორმაციული ინფორმაციის შესწავლას.
ორგანიზაციამ 2021 წლის თებერვალ-მარტში, 6 ტელეგრამ არხზე, 12 ფეისბუკგვერდსა და 12 ვებგვერდზე გამოქვეყნებული 210 სტატია და სტატუსი გააანალიზა.
„ძირითადი დაკვირვების სახით შეიძლება ითქვას, რომ დეზინფორმაციულ კამპანიაში შესამჩნევი იყო რუსული კვალი და ქსელური კონტენტი. დეზინფორმაციული კამპანიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო ფოტო/ვიდეო მანიპულაციაც, რაც რუსული პროპაგანდის იარაღია“, – ვკითხულობთ დასკვნაში.
საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის შედეგად შესწავლილი დეზინფორმაციული ინფორმაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ სამ ძირითად მიმართულებად დააჯგუფა: ანტიაზერბაიჯანული, არმენოფობიური და ანტიდასავლური.
მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია თვლის, რომ საქართველოში სხვადასხვა მედიაპლატფორმა და ულტრამემარჯვენე ლიდერები ყარაბაღის საკითხს ხშირად იყენებენ დასავლური ინსტიტუტების დემონიზაციის მიზნით.
„ისეთი პრორუსული მედიასაშუალებები, როგორებიცაა :საქართველო და მსოფლიო“ და „თვალსაზრისი“ აქტიურად ცდილობენ ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის უპირატესობაზე აპელირებით ლიბერალური დასავლეთის დისკრედიტაციას. მათი ძირითადი გზავნილია ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მარცხის მის პროევროპულ საგარეო კურსთან დაკავშირება და ფერადი რევოლუციების, როგორც „ლიბერალური დასავლეთის პროექტის“, წარუმატებელ მაგალითებად წარმოჩენა“, – ნათქვამია დასკვნაში.
მედიამონიტორინგის ფარგლებში შესწავლილი სტატუსების ჯამურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ყველაზე მაღალი ონლაინინტერაქციით გამოირჩეოდა არმენოფობიური შინაარსის სტატუსები. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა დეზინფორმაცია აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილი სომხების მასობრივად ჩასახლების შესახებ. აზერბაიჯანულენოვან ვებგვერდზე day.az გავრცელებული ინფორმაცია მალე აიტაცა საქართველოში არმენეფობიული განწყობებით ცნობილმა გამოცემამ “კავკაზპლიუსმა“. 9 თებერვალს მათ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია „სომეხი მიგრანტები მასიურად „შევარდნენ“ ოკუპირებულ ქართულ აფხაზეთში“.
აფხაზეთში სომხების მასობრივ ჩასახლებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გავრცელდა ფეისბუკჯგუფებში: „აფხაზთა კრება“, „დევნილები დევნილებისთვის“ და „სახალხო ეროვნული მოძრაობა.“ სტატუსებზე ონლაინინტერაქციამ კი 33 ათას ადამიანს გადააჭარბა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორინგის მიხედვით, მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების ფონზე, გააქტიურდა ანტიაზერბაიჯანული დისკურსიც.
„სოციალურ და ონლაინმედიაში რეზონანსული აღმოჩნდა დეზინფორმაციული შინაარსის მქონე პლაკატები, წარწერით: „მარნეული აზერბაიჯანის ტერიტორიული ერთეულია, სახელწოდებით „ბორჩალო.“ პლაკატები სომხურ და რუსულენოვან ტელეგრამარხებზე და ონლაინმედია პლატფორმებზე – kentron.am, MAMUL.am.ru, Hay mtorum გავრცელდა. თითოეულ სტატუსს თან ახლდა რუსულენოვანი წარწერა, რომ პლაკატი აზერბაიჯანული მხარის პროპაგანდაა და „მადა ჭამაში მოდის“. დეზინფორმაციის პირველწყაროს წარმოადგენს ჯერ კიდევ 2019 წელს რუსულენოვანი საინფორმაციო პლატფორმის АЗЕРБАЙДЖАН online მიერ გამოქვეყნებული სტატუსი პლაკატების სახით, წარწერით: „დაიმახსოვრე.შეინახე.გააზიარე“, – ნათქვამია„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დასკვნაში.
ორგანიზაცია თვლის, რომ რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე მსგავსი ტიპის პროვოკაციული შინაარსის მქონე ინფორმაციის გავრცელება და აზერბაიჯანის სახით მტრის ხატის შექმნა დეზინფორმაციული კამპანიის სახიფათო გზავნილია.