ოთხი აპრილი მიუსაფარი ცხოველების საერთაშორისო დღეა, რომელსაც მრავალი ქვეყანა აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ „პროექტი ცხოველებისთვის“, „ძაღლების ორგანიზაცია საქართველოსთან“ ერთად, ორბელიანის მოედანზე ღონისძიება გამართა.
„ჩვენი ღონისძიების და ამ დღის მიზანია საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება, უშუალოდ მიუსაფარი ცხოველების შესახებ. თითქმის ყველა განვითარებულმა ქვეყანამ ეს პრობლემა სხვადასხვა ჰუმანური მეთოდებით აღმოფხვრა. ჩვენც გვინდა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კომპლექსური მიდგომით, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩართულობით, საბოლოოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში, რამდენიმე ცხოველმოყვარული გავერთიანდით და მობილიზება გავაკეთეთ 70 ტონამდე საკვების, მთლიანად დონაციებით. მთელი საქართველოს მასშტაბით ვეცადეთ, რომ გამოგვეკვება ეს ცხოველები“, – განაცხადა ორგანიზაცია „პროექტი ცხოველებისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნათია ჩიქოვანმა.
ღონისძიებაზე არაერთი აქტივობა იყო დაგეგმილი; ცოცხალი მუსიკა, ვეგეტარიანული და ვეგანური საკვები, აყვანილი ცხოველების სურათების გამოფენა…
ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, მიუსაფარი ცხოველების სახლები მოეხატათ და, რაც მთავარია, ღონისძიებაზე იყვნენ „დოგის“ თავშესაფრიდან მოყვანილი ძაღლები, რომლებიც ახალ ოჯახებს ეძებენ.
„ჩვენ არ ვართ მხოლოდ თავშესაფარი, ვართ ორგანიზაცია და ვეხმარებით მიუსაფარ ძაღლებს, როგორც თავშესაფარში ასევე მის გარეთაც.
დღესდღეობით თავშესაფარში შეგვიძლია შევინახოთ მხოლოდ 35 ძაღლი, ვინაიდან თუ გავცდით ამ რაოდენობას, გაგვიჭირდება მათზე როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ზრუნვა.
ამიტომ ვცდილობთ ძაღლები გავაშვილოთ რაც შეიძლება მალე.“ – ამბობს „ძაღლების ორგანიზაცია საქართველოს“ წარმომადგენელი, ანა ახალაია.
მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა პანდემიის პერიოდში.
„ვფიქრობ რომ ძალიან მნიშნვლეოვანია ესეთი ღონისძიებები იმისთვის, რომ გაიზარდოს ცნობადობა იმის შესახებ, რომ მიუსაფარ ცხოველებს სჭირდებათ დახმარება ჩვენგან, და ზრუნვა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დარჩა მშიერი პანდემიის გამო. რესტორნები აღარ მუშაობენ, ვეღარ უყრიან საჭმელს და ა.შ. სხვა მიზეზების გამოც. რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება ზრუნვაში, მით უფრო კარგი იქნება გარემოსთვის. არცერთი არსება არ იმსახურებს რომ შიმშილში და ტანჯვაში იცხოვროს“, – ამბობს ღონისძიების სტუმარი, ნიკოლოზ გიგაური
ერთ-ერთი თავშესაფრის მეპატრონე აღნიშნავს, რომ თბილისში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა 50000-ს აღემატება, ხოლო რეგიონებში მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. თავშესაფარში მიყვანილი ძაღლების თითქმის ნახევარი სუფთა ჯიშის ძაღლია, ისინი პატრონებმა მიატოვეს.
კესარია ჯავახიშვილი