მთავარი საქართველო გაგრძელდება თუ არა დიალოგი ევროპელების მონაწილებოთ უცნობია

გაგრძელდება თუ არა დიალოგი ევროპელების მონაწილებოთ უცნობია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა.

პროცესზე, სავარაუდოდ, ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

თუმცა, იქამდე ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერები კვლავ შესაძლო მოლაპარაკებებზე საუბრობენ.

 
თითქმის ექვსთვიანი პოლიტიკური დაპირისპირებისა და ევროპელი დიპლომატის მედიაციით ორჯერ ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე კვლავ საუბრობენ.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალებაა.

„ორი კომპონენტი – რომელიც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ექვსი პუნქტი, რომელიც იყო პრეზიდენტ მიშელის მიერ ჩარჩო დოკუმენტში გაწერილი, არის ყველაზე სრულყოფილი დოკუმენტი და, მივიჩნევთ, რომ აუცილებლად განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც საქართველოში არსებობს“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლელა ქებურიამ.

ამასობაში კი ოპოზიციური პარტიების ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების იმედი ისევ დარჩა, თუმცა დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპელი პარტნიორები აქტიურობენ.

„მოლაპარაკების იმედი კიდევ დარჩა, მაგრამ დარჩა იმიტომ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ევროკავშირი აქტიურობს და არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას უნდა. ხელისუფლებამ ფაქტობრივად ჩაშალა და განაცხადა, რომ აღარ სურს მოლაპარაკება, მაგრამ ერთადერთი ამ მოლაპარაკების გაგრძელების და გარკვეული პოზიტიური მოლოდინის იმედს გვაძლევს, ასევე ევროკავშირის აქტიური პოზიცია. თუ ევროკავშირი აქტიური იქნება, მათ შეიძლება, თავისი წნეხით, გავლენით აიყოლიოს „ქართული ოცნება“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.

მმართველ გუნდში კი ოპოზიციის ქმედებებს აფასებენ, როგორც ცეცხლთან თამაშს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია, მაგრამ მხარეებს უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ ის გონივრულ და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს.

„დიალოგის გაგრძელება, ვფიქრობ, აუცილებელია, მაგრამ მხარეებს უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ ის მივიდეს რა თქმა უნდა, გონივრულ და ლოგიკურ დასასრულამდე, ანუ შეთანხმებამდე. შეთანხმება შეუთანხმებლობას ყოველთვის სჯობს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხედავთ, რომ ოპოზიციას აქვს თავისი დესტრუქციული გეგმა და ის მიჰყვება მხოლოდ და მხოლოდ იმ პრინციპით, რომ ყველგან დაანთოს ცეცხლი, ეს იქნება ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის – გარეთ. თუმცა, ვფიქრობ, ის ეთამაშება ცეცხლს და ცეცხლთან თამაში, რა თქმა უნდა, სახიფათოა მათთვისაც, ვინც მას აღვივებს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერები უკვე ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიას იწყებენ და რეგიონებში გასასვლელად ემზადებიან.

თუმცა, როდის შედგება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი და კვლავ იქნება თუ არა მასში ჩართული კრისტიან დანიელსონი, ჯერჯერობით უცნობია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

დიალოგიდიალოგი