მთავარი გადაცემები კუბი მაჭავარიანის ქუჩის მეწყერი - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის შუალედური ანგარიში

მაჭავარიანის ქუჩის მეწყერი – დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის შუალედური ანგარიში

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრმა მაჭავარიანის ქუჩის მეწყრის შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა და არსებული მდგომარეობა შეაფასა.

ანგარიშში მეწყრის გამომწვევ მიზეზებად დასახელებულია მაჭავარიანის ქუჩაზე გზის გაყვანისა და წყალსადენი მილების რეაბილიტაციისთვის დაწყებული სამუშაოები და ფერდობისა და ამგები ქანების ბუნებრივი მახასიათებლები.


თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიება, რომლებიც სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერაა დაგეგმილი. მათივე თქმით, მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ არეალს შორის გადის მაღალი წნევის მაგისტრალური წყალსადენის სამი მილი, რომლებითაც მარაგდება დედაქალაქის გარკვეული ნაწილი. პირველ რიგში, ამ არეალში ე.წ. ჩამკეტი ურდულები გაკეთდება. საფრთხის არსებობის შემთხვევაში ამ მილებს ოპერატიულად დაცლიან წყლისგან და  ჩაკეტავენ მათ.

მერიის ინფორმაციით, ასევე დაწყებულია დროებითი წინაღობის მოწყობა, ფერდზე კი დროებით გაჰყავთ მისასვლელი გზა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ანგარიშში ასევე მოცემულია შემდეგი დასკვნები და რეკომენდაციებია:

  1. „გეოლოგიური, გეოდეზიური და გეოფიზიკური კვლევების საფუძველზე, ვასკვნით, რომ მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია.
  2. მეწყრის გამომწვევი მიზეზებია: მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოება-გაყვანისა და წყალსადენი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები (ფერდის დატვირთვა).
  3. მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული განიცდის ინტენსიურ დეფორმაციას. დაძაბულობის სრული ველის შესაფასებლად აუცილებელია აპარატურა, რომელიც დაკვირვების რეზოლუციას გაზრდის.
  4. მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული დანაწევრებული და არაერთგვაროვანია, შესაბამისად, მოწყვეტის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა, არაერთგვაროვანი და დანაწევრებული მასა დაიძრას. გეოფიზიკურ პროფილებზე შეისწავლიან შესაძლო მოწყვეტის ზედაპირებს.
  5. მეწყრის მოწყვეტის ფაზის შესაძლო იდენტიფიკაციისათვის საჭიროა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაღალი სიზუსტით მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ სხეულის გადაადგილება, სიჩქარე და აჩქარება (ლიდარული გადაღება, ექსთენსომეტრი, ვიწრო სიხშირულსპექტრიანი სეისმომეტრები და სხვა).
  6. მეწყრის დაძვრის შემთხვევაში, აუცილებელია განვიხილოთ ყველა შესაძლო ექსტრემალური სცენარი, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
  7. სრულყოფილი მონიტორინგისათვის აუცილებელია მეწყრის პერიმეტრის რეგულარული დაცვა, ზედმეტი ვიბრაციის, ფერდის დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ფონური ხმაურის დასაწევად.
  8. ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია.
  9. ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა.“

უახლესი

სხვა ამბები

მაჭავარიანის ქუჩის მეწყერიმაჭავარიანის ქუჩის მეწყერი
Send this to a friend