მთავარიევროპაუკრაინარუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობას ვაშინგტონი ეხმაურება

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობას ვაშინგტონი ეხმაურება

კიევში რუსეთს ბრალს სდებენ აღმოსავლეთ საზღვარზე სამხედრო ძალების მობილიზებაში. უკრაინის დედაქალაქში განაცხადეს, რომ პარასკევს პრორუსულმა ძალებმა 4 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს, 2 კი დაჭრეს.

მთელი კვირის განმავლობაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებენ. კიევში კი  სამმხრივი ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა მოითხოვეს. 2020 წლის მეორე ნახევარში, რეკორდულად ხანგრძლივი სამშვიდობო ზავის შემდეგ, იანვრიდან მოყოლებული გახშირდა შეტაკებები.

დაიჭრა 57 და დაიღუპა 20 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, კი 2020 წელს 50 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოსკოვს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო ესკალაცია და დაუყოვნებლივ, უპირობოდ შეასრულოს პოლიტიკური და დიპლომატიური შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

მოვლენებს შეერთებული შტატები გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პარისმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო.

მათთვის მიუღებელია, რუსეთი თავისი მეზობლებისა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნების დაშინებას რომ ცდილობს.

საპასუხოდ კი რუსეთში განაცხადეს, რომ თავიანთ ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეიარაღებული ძალების გადაადგილება და ეს არავის საქმე არაა, რადგან ამ გადაადგილებით საფრთხე არავის ემუქრება. სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ დასავლეთთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი დაძაბული და იმედოვნებს, რომ მისი კოლეგები გააანალიზებენ რისკებს და თავიდან აიცილებენ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას.

მოსკოვში ყოველთვის უარყოფდნენ, რომ შეიარაღებული სამხედრო ძალა ჰყავდათ მობილიზებული. პენტაგონში კი მიანიშნეს, რომ მოსალოდნელი კრიზისის გამო ევროპაში მყოფი ამერიკელი ძალები სიტუაციას უფრო მკაცრად გააკონტროლებენ.

უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები მოვიდნენ  და მოსკოვმა ყირიმის ანექსია განახორციელა. კონფლიქტს დღემდე 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend