მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ლურჯად განათებული შენობები ორი აპრილის დადგომას იუწყება. მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს.
ზუკა გაბუნიას საზოგადოება ერთ-ერთი პოპულარული ტელესერიალიდან იცნობს. იგი აუტისტური სპექტრის მქონე პერსონაჟს თამაშობს. ცოტამ თუ იცის, რომ უკვე მეთერთმეტე წელია, ზუკა ბავშვების ქცევით თერაპევტად მუშაობს.
„ყველაზე საინტერესო ამ პროფესიაში პროცესია, როდესაც პაციენტის ცვლილებებს ვამჩნევთ მე – პროფესიონალი, მშობელი და ბავშვები. სწორედ ეს მაძლევს სტიმულს, რომ უფრო ჩავერთო და მეტი ვაკეთო ამ სფეროში“, – ამბობს ზუკა გაბუნია.
ზუკას თქმით, სატელევიზიო შოუებში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მონაწილეობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
„ტექნიკურად, შესრულების თვალსაზრისით, ამ როლის თამაში ჩემთვის საკმაოდ მარტივი იყო, თუმცა პასუხისმგებლობის კუთხით შიში და მორიდება მქონდა“.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ბოლო კვლევის თანახმად, ყოველი 54 ბავშვიდან ერთს აუტისტური სპექტრის აშლილობა უდგინდება. ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქცევითი აშლილობის სიხშირე დაახლოებით 40-ჯერ არის გაზრდილი, რაც ნაწილობრივ ცნობიერების ამაღლებითაც აიხსნება.
ბავშვთა ნევროლოგი ნანა ტატიშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში საქართველოში მომართვიანობამ საკმაოდ მოიმატა.
„ძალიან ბევრი მშობელი აუტიზმის ნიშნებს მალევე ამჩნევს, მიუხედავად ამისა, ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც მშობლები დაგვინებით გვაკითხავენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევების არსებობა ცუდია. სასურველია, მშობელმა მსგავსი ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მალევე მიმართოს სპეციალისტს“, – განაცხადა ნანა ტატიშვილმა.
თბილისის აუტიზმის ცენტრის დირექტორი სალომე გაბაძე პირველი ცენტრის გახსნის ისტორიას იხსენებს:
„2010 წელს გაიხსნა პირველი ცენტრი, მეც აქ ვმუშაობდი. ცენტრში სულ 10 ბავშვი იყო. მოთხოვნის ზრდასთან ერთად ცენტრების რაოდენობაც გაიზარდა. ამ მდგომარეობის ბავშვების რაოდენობა მზარდია. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად გვიწევს, რომ ახალი სპეციალისტების გადამზადებაზე ვიზრუნოთ“, – ამბობს სალომე გაბაძე.
დღეს, ორ აპრილს, მთელი მსოფლიოს სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეახსენებენ მშობლებს, რომ პრობლემური ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართონ პროფესიონალებს, დაიწყონ რეაბილიტაციის პროცესი და შედეგიც არ დააყოვნებს.
ნინი დვალიშვილი