მთავარი მსოფლიო ევროპა საფრანგეთში 3 აპრილიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

საფრანგეთში 3 აპრილიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 129 მილიონს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 104 მილიონს გადააჭარბა. კორონავირუსის მესამე ტალღას ევროპის ქვეყნები შეზღუდვების გამკაცრებით ებრძვიან. საფრანგეთში ერთი თვით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, კარანტინის რეჟიმი მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 აპრილიდან შევა ძალაში. 5 აპრილიდან საფრანგეთში დაიხურება სკოლები და ბაღებიც, ხოლო სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში მისვლას  კვირაში ერთხელ შეძლებენ.

გადაწყვეტილება მშობლებისათვის მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო.  სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების გარდა, პრეზიდენტმა მაკრონმა არაარსებითად მნიშვნელოვანი მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საყოველთაო კარანტინის ვადა მაისის ბოლომდე გაახანგრძლივა.

 

რაც შეეხება დაჩქარებული ვაქცინაციის პროგრამას, მაკრონის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ასაკობრივი ჯგუფები და მათი აცრის თარიღები. ივნისის თვის შუა რიცხვებიდან 50 წლამდე საფრანგეთის ყველა მოქალაქეს შეეძლება უკვე ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა.

საფრანგეთის მსგავსად, შვედეთის ხელისუფლებაც არ ჩქარობს კოვიდის წინააღმდეგ დაწესებული ზომების მოხსნას. შვედეთში საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქება მაისის დასაწყისისათვის იგეგმება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა მოსახლეობა პანდემიის მესამე ტალღის მოახლოებასთან და საფრთხეებთან დაკავშირებით გააფრთხილა.

ბელგიაში ადამიანის უფლებების დამცველები ცდილობენ, ხელისუფლების მხრიდან დაწესებული შეზღუდვები სასამართლოს ძალით გააუქმონ. ბელგიის სასამართლო გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული ზომები 30 დღის ვადაში გააუქმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას ჯარიმის გადახდა მოუწევს. თუმცა ბელგიის ხელისუფლება აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რაც ნიშნავს იმას , რომ ამ მომენტისათვის შეზღუდვების შემსუბუქებას არ აპირებს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები