მთავარი საქართველო შვიდსაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

შვიდსაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს არც ერთი მხარე არ დათანხმდა.

“დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე, სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ აღმოჩნდა მზად, რომ კომპრომისზე წასულიყო“, – დანიელსონი.

მოლაპარაკების დასრულებისთანავე ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა შეთავაზების ტექსტი. ხუთ პუნქტს შორის იყო საარჩევნო და სასამართო რეფორმები, პოლიტ-პატიმრების ამნისტია და პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება.

ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ კომპრომისზე წასვლა არ ისურვა.

 

„ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას შესთავაზა პირობების ძალზე ფართო პაკეტი. ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი ოპოზიციას ერთადერთი პირობა უნდა შეესრულებინა, მას უარი უნდა ეთქვა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟზე და უნდა შესულიყო პარლამენტში. ეს იყო ერთადერთი პირობა, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ. თუმცა ოპოზიციამ უარი უთხრა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საერთაშორისო პარტნიორებს“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ისტორიული შანსი დაკარგა.

„ქართული ოცნება არ აღმოჩნდა მზად, მათ შორის იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად, რომლებიც ჩვენი მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„მანამ სანამ ჩვენი მეგობრების ენა იქნება დიპლომატიური – ქართული ოცნება არაფერს არ დათმობს“, – განაცხადა “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

მოლაპარაკების შეთანხმების გარეშე დასრულებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.

„საქართველოში ევროკავშირის მედიაციით გამართულმა მოლპარაკებებმა ჯერჯერობით მოსალოდნელ შედეგს ვერ მიაღწია. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი მომავალი  პროგრესის კარგი საფუძველია“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები