ახალი პრობლემები შეექმნა კომპანია „ასტრაზენეკას“, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ევროპის იმუნიზაციის კამპანიის პროცესში. გერმანიაში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 60 წლამდე ადამიანებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აღარ აცრიან. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც გერმანიის წამლის მარეგულირებელმა ორგანომ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომელთა მიხედვით, ვაქცინის 2.7 მილიონი დოზის გაკეთების შემდეგ 31 შემთხვევაში თრომბები წარმოიქმნა, 9 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა.
ანგელა მერკელის განცხადებით, აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გავლენას იქონიებს გერმანიაში ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ვაქცინა ევროპის წამლის სააგენტოს ჯერ არ დაუმტკიცებია, ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთთან მოლაპარაკებებს მართავენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „სპუტნიკის“ ერთი მილიონი დოზის შეძენასთან დაკავშირებით. ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყანაა ვაქცინის მწარმოებელი, მთავარია, აცრა უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს.
დიდ ბრიტანეთში, ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ტესტების შედეგების მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარს ვაქცინაციით თუ ინფიცირების გამო უკვე გამოუმუშავდა კორონავირუსზე ანტისხეულები. თუმცა ეს შედეგი ძირითადად ვაქცინაციის პროგრამის დამსახურებაა, რადგან ქვეყანაში 30-მა მილიონმა ადამიანმა უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა.
ტვიტერზე გამოქვეყნდა საფრანგეთიდან გავრცელებული კადრები, რომლებშიც ჩანს, ყოველგვარი სოციალური დისტანციის გარეშე როგორ ეფიცხება უამრავი ხალხი მზეს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ლილი და ლიონი. ქვეყანაში კი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა იზრდება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში თითქმის აღარ დარჩა თავისუფალი ადგილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადებას გააკეთებს. სავარაუდოდ, ქვეყანაში მორიგი კარანტინი დაწესდება და სკოლებიც დაიხურება.