ოცნებების ასრულება რთულია, თუ ტონი პარკერი არ ხარ, საფრანგეთის ყველაზე ცნობილი კალათბურთელი, რომელიც ყველაფერში, რასაც კი ხელს კიდებს, წარმატებას აღწევს. მას სურდა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია NBA-ის კალათბურთელი გამხდარიყო და გახდა. მეტიც: წლების განმავლობაში ლიგის ყველაზე კარგი გამთამაშებელი იყო. ტონი პარკერმა, „სან ანტონიო სპურსთან“ ერთად, ოთხჯერ მოიგო NBA; 2007 წელს საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა, 2013 წელს, როდესაც საფრანგეთმა ევრობასკეტი მოიგო, პარკერის თამაშმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. წარმატება კალათბურთიდან წასვლის შემდეგაც თან სდევს. ამის შესახებ ტონი პარკერმა „ევრონიუსთან“ ისაუბრა.
ტონი პარკერი, NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი:
ბავშვობაში ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი იმ ყველაფერს, რაც თავს გადამხდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს შესაძლებელი იყო ჩემნაირი ნორმანდიელი ბიჭისთვის, რომელიც ერთ პატარა ქალაქში გაიზარდა. ეს მხოლოდ მას შემდეგ გავიაზრე, რაც თამაშს თავი დავანებე. ნელ-ნელა აღვიქვი, რა წარმატებებს მივაღწიე „სპურსთან“ ერთად. და ახლა, როცა ჩემ შესახებ წიგნი გამოიცა და „ნეტფლიქსზე“ დოკუმენტური ფილმიც გავიდა, ნოსტალგიას განვიცდი. ძალიან სასიამოვნოა, განვლილი 20 წელი რომ ვნახე ფილმში.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია
ძალიან გამიმართლა, NBA-ისთვის რომ შემარჩიეს. თუმცა ძალიან ბევრი ვიშრომე, რადგან ისეთ გუნდში მოვხვდი, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებას ითხოვდნენ. მათი ღირებულებების წყალობით უკეთესი პიროვნება გავხდი. იქ გავხდი არა მხოლოდ უკეთესი კალათბურთელი, არამედ უკეთესი ადამიანიც. ეს ძალიან დიდ შრომას, დისციპლინასა და მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ძალიან მინდოდა NBA-ში თამაში. მე რომ ამიყვანეს, მაშინ NBA-ში არცერთი ევროპელი გამთამაშებელი არ იყო. ზოგადად, ბევრი ევროპელი არ იყო ლიგაში, ამიტომ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რომ ახალ თაობას ვეკუთვნოდი და მსურდა, ამერიკელი მოთამაშეებისა და მწვრთნელების პატივისცემა დამემსახურებინა. თავიდან ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ სირთულემ მეტი ძალა მომცა და შევძელი მეჩვენებინა, რომ ევროპელებიც ვთამაშობთ კალათბურთს.
აკადემია
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაცემა. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან გამიმართლა და ბრწყინვალე მწვრთნელები მყავდა. მახსოვს, საიდან მოვდივარ და როგორ გავიზარდე. ამიტომ გადავწყვიტე, ლიონში კალათბურთის გუნდი მეყიდა, რომელსაც Asvel ეწოდება. მერე ქალთა გუნდიც ვიყიდე, რადგან უნიკალური პროექტის გაკეთება მსურდა. მინდოდა, შემექნა გუნდი, რომელშიც ქალი და კაცი ერთად ითამაშებდა. და ბოლოს აკადემია გამოვიდა. ეს აკადემია წლინახევრის წინ გავხსენით. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ელიტური კალათბურთის შექმნა კი არ მინდოდა, არამედ ისეთ ბავშვებზეც მსურდა მეზრუნა, რომლებიც არ გახდებიან პროფესიონალი სპორტსმენები. ამიტომ ჩვენი აკადემიის ლოზუნგია: „ მოდი აკადემიაში და დასაქმდი“. ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული საქმეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები ცხოვრებაში რაღაცას მიაღწევენ, იმუშავებენ და უბრალოდ ბედნიერები იქნებიან.
კოვიდ-19
ეს ნამდვილად დიდი გამოწვევაა. ჩვენ ერთ-ერთი ყევლაზე დიდი კრიზისის დროს გვიწევს ცხოვრება. ამიტომ საკმაოდ რთულია ყველა პროექტის შენარჩუნება. მაგრამ შემოქმედებითად უნდა მიუდგე საკითხს, დამშვიდდე და გამოსავალი იპოვო. თუმცა ფაქტია, რომ ძალიან მძიმე განსაცდელის გავლა გვიხდება. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გაგვაძლიერებს და ხასიათს გამოგვიწრთობს.
Netflix
„ ძალიან დიდი პატივი იყო, როდესაც „ნეტფლიქსმა“ დოკუმენტური ფილმის გადაღება მთხოვა. ვერ ვიჯერებდი, რადგან უკვე ვაკეთებდი რაღაცას ჩემს კომპანია Nine Media-სთან ერთად. ისინი ჩემი თამაშის ბოლო წელს სულ თან დამყვებოდნენ და სცენებს იღებდნენ. ეს პროექტი ახალი დაწყებული გვქონდა, როცა „ნეტფლიქსი“ მოვიდა და მითხრა, რომ შენს ცხოვრებაზე ფილმის გადაღება გვინდაო. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო.“
სახლი
„მე ყოველთვის ვამბობ, რომ ორი სახლი მაქვს. წლის ნახევარს ამერიკაში ვატარებ, ნახევარს საფრანგეთში, ორივე ქვეყანა ძალიან მიყვარს. მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ორი სახლი მაქვს, ორივეგან თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ.“
ამერიკის არჩევნები
„მე ძალიან მომწონს ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, ახალი დღე გათენდა და ძალიან ბედნიერი ვარ არჩევნების შედეგით. ჩემი აზრით, ბრწყინვალე მომავალი გველოდება.“
ყველაზე დიდი ოცნება
„ყველაზე დიდი ოცნება? რაც ასაკი მემატება, უფრო მეტად მინდა, რომ ჯანმრთელი ვიყო, ჩემი ოჯახი და შვილებიც ჯანმრთელად იყვნენ. მე მგონი, დღევანდელ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადამიანს უსურვო, ჯანმრთელობაა.“
მთავარი გზავნილი
„თუ ჩემი რჩევა გაინტერესებთ, გირჩევთ, დადებითად განეწყოთ და გჯეროდეთ საკუთარი ოცნებისა. ჩემი აზრით, მიუწვდომელზე უნდა იოცნებო. თუ ოცნებას ვინმეს გაუმხელ და ის არ ჩათვლის, რომ ეს სიგიჟეა, მაშინ შენი ოცნება არ არის საკმარისად დიდი.“
ავტორი: სტეფანია დე მიქელი