ტოკიოს მწვანე ოაზისი

ტოკიო სიცოცხლით სავსე ქალაქია,  რომელიც ფუტურისტული პეიზაჟებითა და სიმწვანით არის ცნობილი… აქ გამწვანებას სრულიად მოულოდნელად წააწყდებით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკამ დაბომბა და მიწასთან გაასწორა ეს ქალაქი, თუმცა იგი სწრაფად აღდგა და დღეს ტოკიო 13 მილიონ 900-ათასიანი მოსახლეობით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.

მიუხედავად იმისა, რომ აქ ყოველ გოჯს საცხოვრებელ ფართად იყენებენ, ქალაქის მთავრობა გამწვანებას მაინც უწყობს ხელს.

 
მაგალითად, ორი დიდი ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე სახურავზე გაშენებულ ბაღს შეხვდებით, სადაც ათასი ხე დგას, არის სათამაშო მოედანი, ბოსტანი და იაპონური ბაღი. ეს ოაზისი ქუჩიდან 35 მეტრის სიმაღლეზეა გაშენებული.

ტოკიოში გამწვანებული ადგილები გარემოს დაცვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ემსახურება, სადაც მოსახლეობას შეუძლია, დაისვენოს. სტიქიური უბედურების დროს აქ თავს ლტოლვილები აფარებენ.

კაძუჰიკო აოიამა, ტოკიოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, ამბობს, რომ „ტოკიოსა და მისი შეოგარენის 52 პროცენტი გამწვანებულია.“ მხოლოდ ტოკიოს 23 უბანის 24 პროცენტია გამწვანებული.

კაძუჰიკო აოიამა, ტოკიოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი:

„ჩვენ ვაგრძელებთ გამწვანების პოლიტიკას, ვაშენებთ პარკებს და ვამწვანებთ შენობებს შორის  სივრცეს, როგორც აი, აქ.  გამწვანების რამდენიმე ახალი მიმართულება წამოვიწყეთ.”

ტოკიოს მოსახლეობას სიმწვანე მაშინაც უყვარდა, როცა ტოკიოს ედო ერქვა.  ქალაქის ცენტრში მდინარე სუმიდასა და ტოკიოს ყურის შესართავთან გაშენებული ჰამარიკიუს ბაღები ტოკიოს ფეოდალურ ეპოქას ეკუთვნის.

სეკ ჯია ჰო, ჰამარიკიუს ბაღის გიდი:

„ეს ბაღი 360 წლის წინ გაშენდა და ძირითადად ტოკუგავა  შოგუნთა მეორე რეზიდენცია  იყო, რომელიც მოგვიანებით იმპერატორის სასახლედ გადაკეთდა… 1946 წელს იგი დედაქალაქის მთავრობას გადაეცა.“

 

მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ბაღებს დიდი ზიანი მიადგა. 1707 წელს აშენებული  სახლი, სადაც დიდგვაროვანი ფეოდალები დადიოდნენ სათევზაოდ და სასადილოდ, დაიწვა და 1980 წელს ისევ აღადგინეს,

დღეს ყველას შეუძლია  აქ მოვიდეს და 25 ჰექტარზე გაშენებული ბაღით დატკბეს, ისეირნოს და მლაშე წყალი დააგემოვნოს.

ჰამარიკიუს ბაღები უნიკალურია, რადგან მისი ტბორები ერთადერთია ტოკიოში, რომლებშიც ზღვის წყალი შემორჩა და რომელშიც მრავალი სახეობის თევზი გვხვდება, ნაპირზე კი უამრავი ფრინველი ბუდობს.

სეკ ჯია ჰო, ჰამარიკიუს ბაღის გიდი:

„აქ შემორჩენილია ზღვის ფლორა და ფაუნა, მაგალითად, იაპონური შავფეხა ბატი და წითელი სკაროსი. გვაქვს ასევე იხვებზე სანადირო ორი  ადგილი, რაც იაპონიაში იშვიათობაა, მთელ ქვეყენაში მხოლოდ 5 ასეთი ადგილია.“

ტოკიოში ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის. ამ ქალაქის განახლების პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ არც ძველი იერს უკარგავენ.

შიბუიას  უბანში, დაიკანიამას  კვარტალში LOG ROAD-ის პროექტიც განახლებას ემსახურება. აქ ახალი დასასვენებელი და გასართობი სივრცე ტოკიოს ძველი რკინიგზის ადგილზე აშენდა.

ტომოცუნა სასაკი, LOG ROAD-ის მენეჯერი:

„ეს პროექტი იმიტომ გავაკეთეთ, რომ გვსურდა, ყოფილიყო ადგილი, სადაც ადამიანი დღისა და წლის ნებისმიერ დროს მივიდოდა გასართობად. პროექტის მშენებლობის დროს ჩვენი პრიორიტეტი ის იყო, რომ ძველი გარემო შეგვენარჩუნებინა…ამიტომ ყოფილი ლიანდაგები სასეირონო ბილიკებად გადავაკეთეთ.“

პროექტის ავტორებმა სცადეს, ისეთი გარემო შეექმნათ, სადაც მთელი ქალაქის მოსახლეობა სიამოვნებით ივლიდა. აქ ნახავთ მაღაზიებს, რესტორნებს და კაფეებს, ღია სივრცეებს, სადაც ადამიანი გაერთობა და დაისვენებს, თვალს კი ბაღნარი დაატკბობს.

ქალაქში ცხოვრება დაძაბულია. ტოკიოს შუაგულში გაშენებული მწვანე ბაღები კი ის ოაზისია, რომელშიც ხანდახან მაინც ადამიანი შვებით ამოისუნთქებს.

ავტორი: შარლოტა კანი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend