მთავარისაქართველოსაქართველოში ეპიდვითარება უარესდება

საქართველოში ეპიდვითარება უარესდება

30 მარტის 11 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 782 ადამიანი აიცრა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ქვეყანაში აცრილთა საერთო რაოდენობა კი 5 706-ს შეადგენს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ ქვეყნის ზოგიერთ კლინიკაში ვაქცინაციის ცენტრს დაემატება ამცრელთა ჯგუფები, ასევე გაიზრდება მათი  სამუშაო საათები. შესაბამისად, ვაქცინაციაზე დამატებითი ჯავშნების მიღება იქნება შესაძლებელი.


ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან 15 დღის შემდეგ ქვეყანაში „პფაიზერის“ ვაქცინით აცრა დაიწყო. სანამ ვაქცინაციის რიგში 14 ათასზე მეტი მოქალაქე დგას, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური ვაქცინის 100 000 დოზას 4 აპრილამდე ელოდება.

„ჩვენ გავდივართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს, თუ როგორ მოვიქცევით ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით. დაველოდებით ჯანმოს აღიარებას, დაგვრთავენ თუ არა ნებას, რომ უნგრეთის მსგავსად დავიწყოთ ჩინური ვაქცინით აცრა. დამატებითი ინფორმაცია უკვე მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ვაქცინა საქართველოში იქნება“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.

ქვეყანაში ეგრეთ წოდებული მასობრივი იმუნიზაცია, სავარაუდოდ, 2021 წლის ივლისიდან დაიწყება. მანამდე კი საქართველოში ვაქცინაცია ფართოვდება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა წინასწარი რეგისტრაციის გავლის გარეშე შეეძლებათ.

„საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, –  განაცხადა თეა ახვლედიანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება. მან განმარტა, რომ საქართველოში ასეთი მდგომარეობა სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში იყო, რასაც ოქტომბრის ბოლოს უკვე ეპიდემიოლოგიური აფეთქება მოჰყვა.

„კიდევ იმავეს ვიმეორებთ, რაც გავაკეთეთ აგვისტოში. დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე, რადგან ნოემბერთან შედარებით, ათჯერ შემცირდა ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობა, გვგონია, რომ უკვე დავამარცხეთ კოვიდ-19. ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე, განმეორდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ვაქცინაცია შედეგს დაწყებიდან 2-3 თვის შემდეგ იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუ მოსახლეობა იაქტიურებს და აიცრება. თუმცა მანამდე იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არ გაუარესდეს, აუცილებელია კორონავირუსის გამო დაწესებული რეკომენდაციების დაცვა და რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend